საერთო ქალაქი (“ჯენერიკ სითი”). ნაწყვეტები ნარკვევიდან

ჰოლანდიელი არქიტექტორის, რემ კოლჰაასის წიგნის, “S,M,L,XL“-ის ბოლო ნაწილი ეთმობა ნარკვევს სახელწოდებით Generic City (საერთო ქალაქი). ის არის მისი საეტაპო ნაშრომი ისევე, როგორც Bigness (სიდიდე) და Junkspace (უტილიზებული სივრცე). მონათხრობი „საერთო ქალაქზე” წააგავს წინასწარმეტყველებას, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნაწილობრივ გამართლდა კიდეც.

შესავალი
ჰგავს თანამედროვე ქალაქი თანამედროვე აეროპორტს? შეიძლება ამ საკითხზე თეორიული მსჯელობა? და თუ შეიძლება რა იქნება მისი საბოლოო მოხაზულობა, როგორი ფორმისაკენ ექნება მას სწრაფვა? თანხვედრა შესაძლებელია მხოლოდ იდენტობის დაზიანების ხარჯზე. ეს კი ჩვეულებრივ დანაკარგად მიიჩნევა, მაგრამ იმ მასშტაბში, რომელშიც ის გამოიყენება, რაღაცას უნდა ნიშნავდეს, რაღაც მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.
რა რჩება როდესაც ისპობა იდენტობა?
იდენტობა ზოგადად, წარმოქმნილია ფიზიკური სუბსტანციიდან, ისტორიიდან, კონტექსტიდან, არსებულიდან, სინამდვილიდან. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ თანამედროვე, ჩვენს მიერ შექმნილი, შეიძლება იქცეს ამ ყველაფრის ნაწილი, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდა იმის მაჩვენებელია, რომ მალე წარსული ძალიან “პატარა“ იქნება იმისათვის, რათა “ცოცხლები“ რაღაც წერტილში დავასახლოთ. ჩვენ თავად ამოვწურეთ და გამოვაცარიელეთ იგი. ისტორია აისახება და პოულობს თავის დეპოზიტს არქიტექტურაში. ინდივიდუალობა, როგორც წარსულის გაზიარების ფორმა წამგებიანი შემოთავაზებაა: არა მხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვე მოსახლეობა ისეთი სისწრაფით იზრდება, რომ მას აღარაფერი აქვს გასაზიარებელი, არამედ იმიტომ, რომ ისტორია ხშირად ბოროტადაა გამოყენებული-აღარაფერია განსაკუთრებული და ისიც დროთა განმავლობაში მცირდება და იკარგება. მუდმივად მზარდი ტურისტთა ტალღა კიდევ უფრო ამცირებს იდენტობის მნიშვნელობას და აქცევს მას უაზრო მტვრად.
იდენტობა ჰგავს ერთგვარ ხაფანგს, რომელშიც მეტი და მეტი “თაგვი“ ებმება და იზიარებს თავდაპირველ სატყუარას, რომელიც თუ კარგად დავაკვირდებით, შეიძლება საუკუნეების წინ გამოლეულიყო. რაც უფრო ძლიერია იდენტობა, მით უფრო გატყვევებს და ეწინააღმდეგება ის გაფართოებას, ექსპანსიას, ინტერპრეტაციასა და განახლებას. იდენტობა ჰგავს შუქურას – რაღაც ფიქსირებულს და ზედმეტად მტკიცეს, რომელმაც შეიძლება შეიცვალოს პოზიცია ან სახე იმ შემთხვევაში, თუ ნავიგაცია შეიცვლება. (პარიზი შეიძლება გახდეს უფრო პარიზული-იგი ისედაც ჰიპერ პარიზად გადაქცევის გზაზეა – მოპირკეთებული კარიკატურაა. არის გამონაკლისიც: მაგალითად ლონდონში გამოკვეთილი იდენტობის ნაკლებობაა – იგი მუდმივად იცვლება უფრო ნაკლებად “ლონდონი“, უფრო ღია და დინამიური ხდება).
იდენტობა ცენტრალიზებულია და მიანიშნებს არსზე (ამოსავალ წერტილზე). მისი სტრატეგია მოცემულია მარტივ გეომეტრიულ პირობებში. ვინაიდან ზემოქმედების სფერო ფართოვდება, არეალი, რომელიც ცენტრად მიიჩნევა, მუდმივად იზრდება, რაც ამცირებს ძირითადი ბირთვის ავტორიტეტს და მნიშვნელობას. პერსპექტივაში აღმოვაჩენთ, რომ პერიფერიას გარკვეული პოტენციალი, ღირებულება გააჩნია – ერთგვარი პრე-ისტორიული პირობა, რომელიც შესაძლებელია საბოლოოდ არქიტექტურული ყურადღების ღირსი გახდეს. ეს კი ხაზს გაუსვამს ცენტრის უპირატესობას: ცენტრის გარეშე არ არსებობს პერიფერია. პირველის მიმართ ინტერესი კომპენსირებს მეორის უსახურებას, შედეგი კი ისაა, რომ ვინაიდან “დედა“ (ცენტრი) ჯერ კიდევ ცოცხალია პერიფერიის მნიშვნელობა შენარჩუნებულია. პერიფერია აღიქმება როგორც კრიტიკული მასა, ცენტრი კი არა მხოლოდ საზღვრებით არის პატარა, არამედ თავისი მოვალეობების შესასრულებლადაც. იგი დეფინიციით არ არის ჭეშმარიტად ნამდვილი ცენტრი, არამედ მისი გადიდებული მირაჟია, რომლის ილუზორული იმიჯი ართმევს ქალაქს თავის ლეგიტიმურობას.
ჩვენს კონცენტრულ პროგრამირებაში ცენტრის არსებობა, როგორც მნიშვნელობის და ღირებულების ბირთვი ორმაგად დესტრუქციულია-არა მხოლოდ მზარდი მოცულობისა და მიუღებელი დაძაბულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ სჭირდება მუდმივი განახლება. როგორც “ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი“ იგი უნდა იყოს ყველაზე ძველი და ამავე დროს ყველაზე ახალი, ყველაზე ფიქსირებული და ყველაზე დინამიური. ცენტრი მუდმივად განიცდის ძლიერ და ინტენსიურ ადაპტაციას, რომელიც გართულებულია იმ ფაქტით, რომ იგი ტრანსფორმირდება და ეს ყველაფერი როგორც წესი შეუიარაღებელი თვალისათვის შეუმჩნეველია. (ქ. ციურიხმა მიაგნო ყველაზე რადიკალურ გზას რათა დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას, რაც თითქოს მიმართულება შეცვლილ არქეოლოგიას ჰგავს, სადაც ფენა-ფენა არის განლაგებული თანამედროვეობა-სავაჭრო ცენტრები, პარკინგები, ბანკები, ლაბორატორიები და სხვა. ამასთან ეს ყოველივე აშენებულია ცენტრის ქვეშ. იგი აღარ იზრდება სიგანეში ან სიმაღლეში, არამედ თავად ცენტრისაკენ-მიწის სიღრმეში). სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაკლებად შესამჩნევი არტერიების შექმნით, როგორიცაა გვირაბები და შემოვლითი გზები, ასევე საცხოვრებელი შენობების ოფისებად რუტინული გადაქცევით, საწყობების გალერეებად გადაკეთებით, მიტოვებული ეკლესიების ღამის კლუბებად გარდასახვით, ძვირად ღირებული სავაჭრო ცენტრებისათვის სპეციფიური ნაწილების გახსნით, იწვევს უტილიზებული სივრცის “საზოგადოებრივ“ სივრცედ გადაქცევას. ფეხით მოსიარულეთათვის მეტი სივრცის გამოყოფა, პარკებისა და სკვერების მოწყობა, ხიდების მშენებლობა, ნარგავების გაშენება, ისტორიული “სიმდარის“ სისტემატიური აღდგენა და რეკონსტრუქცია სინამდვილეში იწვევს აუთენტურობისაგან უმოწყალო გამოცარიელებას.
„ჯენერიკ სითი“ (საერთო ქალაქი) არის ქალაქი, რომელიც თავისუფალია ცენტრის ტყვეობისა და იდენტობისაგან. ამსხვრევს რა დამოკიდებულების დესტრუქციულ ციკლს, იგი სხვა არაფერია თუ არა თანამედროვე მოთხოვნებისა და შესაძლებლობების რეფლექცია. ეს არის ქალაქი ისტორიის გარეშე. მასში ყველა დაეტევა, ის მარტივია და არ სჭირდება შენახვა. თუ დაძველდება თავს ამოწურავს და განახლდება. იგი ყველგან თანაბრად არის აღმაფრთოვანებელი ან პირიქით. ის არის “ზედაპირული“, როგორც ჰოლივუდის გადასაღები მოედანი და შეუძლია ყოველ ორშაბათს ახალი იდენტობა შეიძინოს.
სტატისტიკა
„ჯენერიკ სითი“ (საერთო ქალაქი) დრამატულად გაიზარდა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. გაიზარდა არა მარტო მისი ზომა, არამედ ის რაოდენობრივადაც გამრავლდა.
საერთო ქალაქი ამერიკაში ჩაისახა? ის ისეთი არაორიგინალურია, რომ მისი მხოლოდ იმპორტირებაა შესაძლებელი? ასეა თუ ისე- ასეთი ქალაქები ახლა არსებობენ, როგორც აზიაში, ისე ევროპაში, ავსტრალიასა და აფრიკაში. სოფლიდან ქალაქისაკენ სწრაფვა აღარ არის ის სწრაფვა რაც ჩვენ ვიცოდით, ეს არის სწრაფვა „ჯენერიკ სითისკენ“. ქალაქისაკენ, რომელიც ისეთი პერვერსიულია, რომ იგი თავად მოვიდა სოფელთან.
ზოგიერთი კონტინენტი, როგორიცაა მაგალითად აზია, მიისწრაფის საერთო ქალაქისაკენ. სხვებს სცხვენიათ მისი, – ამიტომ დიდი ოდენობა ასეთი ქალაქებისა აზიურია. ალბათ ერთ მშვენიერ დღეს ასეთი ტიპის დასავლური ცივილიზაციის ქალაქები ეგზოტიკური გახდება.
ზოგჯერ ერთეული ძველი ქალაქები, მაგალითად ბარსელონა, გადაიზრდება „ჯენერიკ სითიში“ თავისი იდენტობის გამარტივებით. ის ხდება გამჭვირვალე, როგორც ლოგო. პირიქით კი არასოდეს ხდება-ყოველ შემთხვევაში ჯერ არ მომხდარა.
„ჯენერიკ სითი“ არის ის, რაც ურბანული ცხოვრებისა და კიბერსივრცის გადაკვეთის შედეგად დარჩა. თუ შევადარებთ კლასიკურ ქალაქს, ის აღქმულია, როგორც წყნარი და მშვიდი გარემო. კონცენტრაციის ნაცვლად „ჯენერიკ სითიში“ ინდივიდუალური “მომენტები“ გაფანტულად არიან განაწილებულნი სივრცეში, რათა შექმნან თითქმის შეუმჩნეველი ესთეთიკური შეგრძნებები. მაგალითად, საოფისე შენობების განათების ფერი არის თეთრის სხვადასხვა ვარიაცია.
ზოგადად ქალაქებისათვის საქმიანობის ძირითადი სფერო არის ბიზნესი, „ჯენერიკ სითისთვის“ კი “შემზარავი სიმშვიდეა“ დამახასიათებელი. რაც უფრო მშვიდია იგი, მით მეტად უახლოვდება ჭეშმარიტ მდგომარეობას. მასში უშფოთველობა მიიღწევა საზოგადოებრივი სფეროს ევაკუაციით. აქ ურბანული დაგეგმარება მხედველობაში იღებს და “აკომოდაციას“ უწევს ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა მაგალითად ავტომობილი. გზატკეცილები ჭარბობენ ბულვარებსა და მოედნებს, იკავებენ უფრო და უფრო დიდ ტერიტორიებს.
„ჯენერიკ სითი“ ერთგვარი ფრაქტალია-სუფთა, დაუსრულებელი გამეორება ერთი და იგივე, მარტივი სტრუქტურული მოდულებისა. მისი რეკონსტრუქცია შესაძლებელია უმცირესი ნაწილაკებისაგან და ის მაგიდის კომპიუტერის ან თუნდაც დისკეტის მსგავსია.
აეროპორტი
ერთ დროს ნეიტრალურობის გამომხატველი აეროპორტები, ახლა „ჯენერიკ სითის“ ყველაზე მეტად განსხვავებულ ცალკეულ ელენმენტებად იქცნენ. ისინი წარმოადგენენ მთავარ განმასხვავებელ ნიშანს ასეთი ტიპის ქალაქებისათვის. აეროპორტმა ადამიანს უნდა მისცეს ის შეგრძნება, რისი განცდაც მას თავად ქალაქში ყოფნის დროს სურს. თავისი ხელწერით აეროპორტი არის ჰიპერ-ლოკალურის (ადგილობრივის) და ჰიპერ-გლობალურის ერთგვარი შერწყმა. ჰიპერ-გლობალური იმ თვალსაზრისით, რომ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ნაწარმი, რასაც ვერ შეხვდებით ქალაქში და ჰიპერ-ლოკალური იმ კუთხით, რომ თქვენ აქ ნახავთ ისეთ ნივთებს, რომლებიც მხოლოდ აეროპორტში არის ხელმისაწვდომი-ისინი სხვაგან არ არის.
აეროპორტები ილტვიან კიდევ უფრო მეტი ავტონომიურობის მოიპოვებისთვის ილტვიან. ზოგჯერ ისინი აღარც კი არიან დაკავშირებული განსაზღვრულ „ჯენერიკ სითისთან“, სულ უფრო დიდი და დიდი ტერიტორია სჭირდებათ და აღჭურვილნი არიან იმ ინვენტარით, რაც არ არის დაკავშირებული მოგზაურობასთან. შეინიშნება ტენდენცია იმისა, რომ ისინი ჩაანაცვლებენ ქალაქებს. ერთად, აეროპორტები იტევენ მილიონობით ადამიანს, ამას დამატებული მომსახურე პერსონალი. ამ ყველაფერს კომპლექსურად თუ განვიხილავთ, აეროპორტები იქცევა „ჯენერიკ სითის“ კვარტლებად, ზოგჯერ ქალაქის არსებობის მიზეზადაც კი. ამ ყველაფერს ემატება მისი ჰერმეტული სისტემა, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია, ერთადერთი გზა სხვა აეროპორტში გადასვლაა.
მოსახლეობა
„ჯენერიკ სითი“ მულტინაციონალურია, დაახლოებით 8% შავკანიანი მოსახლეობაა, 12% თეთრკანიანი, 27% ლათინო-ამერიკული, 37% ჩინელები ან აზიელები, 6% გაურკვეველი ეროვნება, 10% სხვები. აქედან გამომდინარე, ასეთი ქალაქები არა მხოლოდ მულტინაციონალურია, არამედ მულტიკულტურულიც. ამიტომ აღარ არის გასაკვირი ტაძრები მჭიდროდ დასახლებულ მრავალსართულიან ღარიბთა უბნებში, დრაკონები ცენტრალურ ბულვარებში და ბუდები ქალაქის მთავარ ბიზნეს ცენტრებში.
„ჯენერიკ სითი“ ყოველთვის იმ ხალხის მიერ არის დაარსებული, ვინც მუდვივ მოძრაობაშია, გადაადგილდება და კვლავაც აპირებს გადაადგილებას. ეს განმარტავს ამ ქალაქების დაარსების უსაფუძვლობასა და ილუზორულობას. როგორც ქიმიური რეაქციის დროს ორი სხვადასხვა სუბსტანციის შერევისას წარმოიქმნება განსხვავებული შრეები, ორი მიგრაციის კოლიზიის დროსაც იგივე ხდება. მაგ. კუბიდან წამოსული მიგრანტები მიიწევენ ჩრდილოეთისაკენ, ებრაელები კი გადაადგილდებიან სამხრეთისაკენ. ერთ წერტილში ისინი აუცილებლად ხვდებიან ერთმანეთს, და სახლდებიან, ასე იბადება „საერთო ქალაქი“.
ურბანიზმი
საერთო ქალაქის ორიგინალურობა გამოიხატება იმაში, რომ რაც აღარ გამოიყენება, ანუ არ მუშაობს და ამოწურა თავისი შესაძლებლობები, იგნორირებულია. არ ხდება მათი ხელოვნურად შენარჩუნება, გზა ეთმობა ახალს. „ჯენერიკ სითი“ არის ის, რაც დარჩა იმისაგან, რასაც ქალაქი ერქვა. ის არის მომავლის ქალაქი, “პოსტ ქალაქი“, რომელსაც საფუძველი ყოფილ ქალაქზე ჩაეყარა.
„ჯენერიკ სითი“ მიმართულია ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურისაკენ. ცათამბრჯენი ისე გამოიყურება, თითქოს იგი საბოლოო ტიპოლოგიური ნიმუშია. მან ყველაფერი დაჩრდილა, ჩაყლაპა ირგვლივ. ის შეიძლება აიგოს ბრინჯის ყანაში ან ქალაქის ცენტრში, ადგილმდებარეობა აღარ არის მნიშვნელოვანი. ცათამბრჯენები აღარ არიან ერთმანეთის სიახლოვეს, აღარ აქვთ ერთმანეთთან კავშირი. სიმჭიდროვე იზოლაციაში არის იდეალური მდგომარეობა. აქ ქუჩა მკვდარია, ხოლო საზოგადოებრივი ხელოვნება არის ყველგან.
საცხოვრებელი არ არის პრობლემა, ეს უკვე სრულად გადაწყვეტილია ან ალბათობაზეა მიშვებული. პირველ შემთხვევაში ლეგალურია, მეორეში არალეგალური. პირველ შემთხვევაში ცათამბრჯენები და მრავალსართულიანი შენობებია, მეორე შემთხვევაში კი იმპროვიზირებული ქოხები ან ფარდულები. პირველი გადაწყვეტილების შემთხევაში ხდება ცის ათვისება, მეორის დროს კი მიწის. საოცარია, რომ ვისაც მატერიალური შესაძლებლობა გააჩნია ის იხდის ფულს იმაში რასაც ღირებულება არ აქვს-ცაში, ანუ რაც უფასოა. ხოლო ვისაც ცოტა ფული აქვს ის ირჩევს მიწაზე დასახლებას. დასახლების პრობლემა კარგად არის გადაწყვეტილი, რადგანაც მოსახლეობა სულ უფრო და უფრო იზრდება-ორმაგდება გარკვეული წლების განმავლობაში. მათ ესაჭიროებათ ალტერნატიული სივრცეები რათა დასახლდნენ, ამიტომ საერთო ქალაქები იქმნება “სუფთა ფურცელზე“ (tabula rasa), იქ სადაც მანამდე არაფერი იყო, ხოლო სადაც რაიმე არსებობდა, მათ ჩაანაცვლეს ისინი.
ჩვეულებრივ ესეთი ტიპის ქალაქი წარმოადგენს კარგად დანომრილი სექციების ამალგამას. დათარიღებული იქიდან, საიდანაც ქალაქმა განვითარება დაიწყო, როდესაც ძალაუფლებას ჯერ კიდევ არსი ჰქონდა.
„ჯენერიკ სითი“ არის მრავალმხრივი არჩევანის მქონე კონცეფციის აპოთეოზი, ყველა შესაძლებლობის ანთოლოგია. ჩვეულებრივ იგი არ დაგეგმარებულა რაიმე ბიუროკრატიულ ორგანიზაციაში, რომელიც აკონტროლებს მის შემდგომ განვითარებას, არამედ თითქოს ისე, როგორც ბუნებაში, სხვადასხვა მარცვლები ჩაიყარა მიწაში, ახლა კი ამ ყველაფერმა ფორმა შეიძინა, ანსამბლი შექმნა.
საერთო ქალაქის ესთეთიკის საუკეთესო განსაზღვრებაა “თავისუფალი სტილი“. როგორ აღვწეროთ იგი? წარმოვიდგინოთ ღია სივრცე, ტყით შემოფარგლული სიცარიელე, გათანაბრებული ქალაქი. არსებობს სამი ელემენტი: გზები, შენობები და ბუნება. ისინი თანაარსებობენ მოქნილ სისტემაში და არ საჭიროებენ განსაკუთრებულ ორგანიზებულ გამრავალფეროვნებას. ამ სამიდან ერთ-ერთი ზოგჯერ დომინირებს. მაგალითად გზა, რომელიც ზოგჯერ იკარგება და არ ჩანს საით მიემართება, ზოგჯერ მხოლოდ ბუნებას ვხედავთ, შემდეგ ასევე გაუთვალისწინებლად აღმოვჩნდებით შენობებით გარშემორტყმული, ამის მიუხედავად ქალაქის ყველა მხარე თანაბრად ფიგურალური და აბსტრაქტულია.
გზები განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილებისათვის, ფეხითმოსიარულენი პრომენადებზე დადიან, რაც ისტორიულ ქალაქში ცხოვრების ერთგვარი კარიკატურაა.
ასეთ ქალაქს ჰორიზონტალობა ახასიათებს, მაგრამ ესეც თანდათან ქრება. ის შედგება ისტორიისაგან, რომელიც ჯერ არ არის წაშლილი და ისინი რატომღაც სწრაფად ბერდებიან, ხუთი წლის ქალაქი უკვე ხანდაზმულს ჰგავს.
„ჯენერიკ სითი“ წარმოაჩენს დაგეგმარების საბოლოო სიკვდილს. რატომ? განა იმიტომ, რომ ის დაგეგმარებული არ არის- უზარმაზარი არქიტექტურული ბიუროები და დეველოპერული კომპანიები მუშაობენ ამ საკითხებზე, დიდი ოდენობით ფინანსები და ენერგია იხარჯება, მაგრამ ყველაზე საშიში და არასასურველი აღმოჩენა ის არის, რომ დაგეგმარება არანაირ განსხვავებას არ იძლევა. ქალაქები ხარობენ ან ჭკნებიან-ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. კავშირები და ქსელები ძველდება და გამოდის მწყობრიდან, მოსახლეობა კი ორმაგდება, სამმაგდება, ოთხმაგდება და ბოლოს საერთოდ ქრება. ქალაქის ზედაპირი “ფეთქდება“, ეკონომიკა დაკნინებას განიცდის და საბოლოოდ კოლაფსში ვარდება.
სოციოლოგია
გასაოცარია, რომ „ჯენერიკ სითის“ ტრიუმფი არ არის სოციოლოგიის ტრიუმფთან თანხვედრი, რომლის დაკვირვების, შესწავლის სფერო ძლიერ გაფართოვდა საერთო ქალაქის მეშვეობით. იგი იქცა მოქმედ სოციოლოგიად. თითოეული ასეთი ქალაქი ჰგავს სუფთა დაფას, რომელზეც თითქოს ყველა ჰიპოტეზა შეიძლება “დასაბუთდეს“ და შემდეგ წაიშალოს, ისე რომ მისი ავტორების თუ აუდიტორიის მეხსიერებაში ის აღარასოდეს ახდენდეს რევერბერაციას.
ქალაქის უბნები
საერთო ქალაქს ოდესღაც გააჩნდა წარსული. ისტორია აღარ არის მასში, მაგრამ მიუხედავად მისი არარსებობისა, ის „ჯენერიკ სითის“ მთავარ საქმიანობას განსაზღვრავს. დაცარიელებულ ადგილებზე ახალი მშენებლობებია. განსაკუთრებით ბევრი შენდება რესტავრირებული ქოხების ირგვლივ. ძირითადად სასტუმროები, რათა მეტი ტურისტი მოიზიდონ. წარსულის გაქრობა არ ახდენს გავლენას ტურისტების რაოდენობაზე, ან შეიძლება ეს უკანასკნელი მომენტია მის სანახავად.
განსაკუთრებული მოგონებების ნაცვლად „ჯენერიკ სითიში“ ზოგადი მოგონებები გვრჩება და გვიჩნდება გრძნობა, თითქოს ეს უკვე ერთხელ სადღაც სხვაგან გვაქვს ნანახი- “déjà vu“, რომელიც არასოდეს სრულდება.
თითოეულ ასეთ ქალაქს აქვს საზღვარი. არ არის აუცილებელი იყოს წყალი, ის შეიძლება იყოს უდაბნო ან რაიმე სხვა, მაგრამ მთავარია, რომ მის ზღვარზე ერთი მდგომარეობა გადადიოდეს მეორეში. თითქოს თავის გადარჩენისათვის ეს საუკეთესო პირობაა. აქ ტურისტები დიდი რაოდენობით იყრიან თავს, რომელთაც გამყიდველების ნაკადი დასდევს უკან და სთავაზობს სხვადასხვა “უნიკალურ“ ადგილობრივ სუვენირს. ყველა „ჯენერიკ სითის“ ადგილობრივმა სუვენირმა შექმნა უნივერსალური სუვენირი, მეცნიერული გზაჯვარედინი ეიფელის კოშკს, მონმარტრის ტაძარსა და თავისუფლების ქანდაკებას შორის. შეიძენენ რა არასაჭირო სუვენირებს, ტურისტები ჩამოსხდებიან წყლის პირას და მიირთმევენ დამახასიათებელ საკვებს აქ არსებულ რესტორნებსა და კაფეებში. ეს განსხვავებული საკვები თუ აძლევთ მათ იმის შეგრძნებას, რომ ისინი სხვაგან იმყოფებიან.
პროგრამა
ოფისები ჯერ კიდევ არსებს და საკმაოდ დიდი რაოდენობითაც. ხალხი თვლის, რომ ისინი აღარ არის საჭირო. 5-10 წელიწადში ყველა სახლში იმუშავებს და მაშინ კი უფრო დიდი სახლები (ბინები) გახდება საჭირო. აქედან გამომდინარე უმჯობესი იქნება ოფისები გადაიქცეს საცხოვრებელ ფართებად.
მხოლოდ ვაჭრობა რჩება ადამიანთა ძირითად აქტიურობად-ეს ჩვენი ბრალია, რადგან ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთ.
სასტუმროები იქცევა საყოველთაო დამაბინავებლად საერთო ქალაქისათვის. ისინი ყველგანაა, ერთმანეთს ძალიან გვანან და გარკვეულწილად ოფისების როლს ასრულებენ-აღრიცხავენ თუ რამდენი ადამიანი შემოვიდა და გავიდა. სასტუმროები ახლა კონტეინერებია, რომლებიც თავისი საქმიანობით უმნიშვნელოს ხდის ქალაქის სხვა შენობების ღირებულებას.
ისინი დაემსგავსა საპყრობილეს, რომელშიც ძალაუნებურად უნდა შესახლდე, რადგან მეტი წასასვლელი არსადაა.
არქიტექტურა
„ჯენერიკ სითიში“ არსებობენ საინტერესო და მოსაწყენი შენობები, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქალაქში. ორივე შემთხვევა გვაბრუნებს მის ვან დერ როესთან: პირველი კატეგორია ფრიდრიხშტატის ირეგულარულ კოშკთან (1921 წ.), მეორე კატეგორია კი მის მიერ მალევე შექმნილ ყუთებთან.
ასეთი ქალაქის არქიტექტურა განისაზღვრება, როგორც მშვენიერი, ლამაზი, შენდება წარმოუდგენელი სისწრაფით და კოლოსალური თანხების დაბანდებით. დაახლოებით 27 ესკიზური ვარიანტია ერთი აშენებული შენობისათვის. პროექტები მზადდება 10000 არქიტექტურულ ოფისში, რომელთა არსებობის შესახებ არავის გაუგია, ამის მიუხედავად საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ. ისინი უფრო თავმდაბლები არიან ვიდრე მათი სახელგანთქმული კოლეგები, მაგრამ თვლიან, რომ რაღაც არასწორი ხდება ზოგადად არქიტექტურაში და მხოლოდ მათი ძალისხმევით შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება. დაპროექტებული შენობების სიმრავლე სითამამესა და კაშკაშა აროგანტულობას ანიჭებს მათ და ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე ისინი თავიანთ “არქიტექტურას“ ქმნიან.
კომპლექსური ფორმის შენობები დამოკიდებულნი არიან ფარდა კედლის ინდუსტრიაზე. ფასადებზე ძირითადად მინა გამოიყენება, რომელიც კედელთან სილიკონითაა დაკავშირებული. ეს არის წებოს ტრიუმფი სამშენებლო მასალების ნაირსახეობაზე, რომლებიც გარკვეულ სახეს ქმნიდნენ და შენობებს სპეციფიურობას და განსხვავებულობას ანიჭებდნენ. როგორც სხვა ყველაფერი, „ჯენერიკ სითში“ არქიტექტურაც გაუბრალოებული, სისტემატური და არაპრინციპულია.
ვინაიდან ასეთი ტიპის ქალაქი მეტად აზიური ქმნილებაა, მისი არქიტექტურა ეფუძნება ჰაერის კონდიცირებას. პარადიგმაა ის, რომ ქალაქი აღარ წარმოადგენს განვითარების მაქსიმუმს, არამედ ყველაფერი პირიქითაა. კლიმატური მოვლენები შენობაზე საერთოდ არ აისახება, ყველგან ელექტროობაზე დამყარებული ხელოვნური კლიმატია შექმნილი. თუ გარეთ უეცრად რაიმე ბუნებრივი კატაკლიზმი განვითარდება მხოლოდ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია. ირონიულია ის, რომ ამ მიმართულებით საერთო ქალაქი თავისი თავისათვის დამღუპველი და დამანგრეველია.
ასეთი ქალაქების დიდი ნაწილი შეცდომაა, ცუდად არის დაგეგმარებული. ნაგებობების 51% ატრიუმია. ეს არის დაპროექტების ეშმაკური ხერხი, რომელსაც შესწევს უნარი არამატერიალური და ილუზორული მატერიალურად წარმოაჩინოს. მისი რომაული დასახელება არის სამუდამო გარანტია არქიტექტურული კლასის საჩვენებლად, მისი ისტორიულობა კი ამ თემას ამოუწურავს ხდის. ეს არის სიცარიელის არქირექტურა.
არჩევანის სტილი პოსტმოდერნისტულია და ყოველთვის ასეთად დარჩება. პოსტმოდერნიზმი არის ერთადერთი მიმდინარეობა, რომელიც წარმატებით აკავშირებს პრაქტიკულ არქიტექტურას პრაქტიკულ პანიკასთან. იგი არ არის დოქტრინა, რომელიც ემყარება არქიტექტურის ისტორიის ცივილურად შესწავლას, არამედ მეთოდია, რომელმაც მუტაცია განიცადა პრაქტიკულ არქიტექტურაში და წარმოქმნა ის შედეგები, რაც ახლა „ჯენერიკ სითის“ განვითარებასთანაა დაკავშირებული. იმის ნაცვლად, რომ წარმოქმნას რაიმე გრძნობები, როგორც თავდაპირველად მის შემქმნელებს ჰქონდათ გააზრებული, იგი ახალი უაზრობის გენერირებას ახდენს. მისი მოდერნიზება არაფერს იძლევა. ასეთი არქიტექტურის კეთება ყველას შეუძლია. მაგალითად ცათამბრჯენი, რომელიც ჩინური პოგოდას ან ტოსკანური ბორცვ-ქალაქის ნიმუშზეა აგებული.
ინფრასტრუქტურა
ინფრასტრუქტურა აღარ არის ის, რაც პასუხს აგებს მოთხოვნილებებზე, არამედ სტრატეგიული იარაღია- წინასწარმეტყველებაა.

საერთო ქალაქის იდეის ახსნისას, რემ კოლჰაასი ამბობს, რომ იგი ზოგადი ურბანული პირობაა, რომელიც ყველგან შეიძლება არსებობდეს და ის ფაქტი, რომ იგი ასე არანორმალურად მრავლედება, ნიშნავს იმას, რომ მასში ცხოვრება თურმე შესაძლებელი ყოფილა. არქიტექტურა ისეთს ვერაფერს გააკეთებს, რასაც კულტურა ვერ შეძლებს. მუდამ ვჩივით, რომ ჩვენს ირგვლივ სულ ერთგვაროვანი ქალაქური გარემოა, მაგრამ სიმართლე, შესაძლოა იმაშია, რომ სწორედ ასეთი ქალაქები გვსურს. რა იცით, იქნებ სწორედ მათი სრული უსახურებაა ცხოვრებისთვის საუკეთესო კონტექსტი?

Comment

Your email address will not be published.