ჭიათურა. საბაგირო გზა ჭიათურა-პერევისა

Chiatura. Cable way station Chiatura-Perevisa

შორაპანი. რკინიგზის სადგური

Shorapani. Railway Station

ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთის ინდუსტრული წრედი (წიგნის მიმოხილვა)

2015 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  ინიციატივით გამოცემული პუბლიკაცია – ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთის ინდუსტრული წრედი – საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის შესწავლის, მისი მნიშვნელობის გაცნობიერების და საზოგადოებისათვის წარდგენის ერთ-ერთ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. პუბლიკაციის ავტორები არიან არქიტექტურის მკვლევარი ნანო ზაზანაშვილი და არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი.

ავტორებმა გამოიკვლიეს ინდუსტრიული წრედის დაარსებისა და ჩამოყალიბების ისტორია, წინაპირობები და განვითარების ეტაპები. წიგნში წარმოდგენილია საინტერესო საარქივო ფოტომასალა, ისევე როგორც დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი სურათები. ფოტო-არქიტექტორი ნიკოლოზ მჭედლიძე.

პუბლიკაციაში ინდუსტრიული წრედის ყველა რგოლია წარმოდგენილი :

– მანგანუმის საბადოების არეალის ცენტრი – ქალაქი ჭიათურა, მადნის აღმოჩენა, მოპოვება, გამდიდრება და ტრანსპორტირება, სატვირთიო და სამგზავრო საბაგირო გზების უნიკალური სისტემები

– მადნის გადაზიდვის მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი- დაბა შორაპანი,  მისი სადგურის შენობა და რკინიგზის თანამშრომელთა ისტორიული საცხოვრებელი უბანი

– ფერომანგანუმის ქარხანა და ქალაქი ზესტაფონი

– ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი- ქალაქი ფოთი და მისი ნავსადგური, საიდანაც ინდუსტრიული ნაწარმის ექსპორტზე გატანა  ხდებოდა

მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე კველევა საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის შესწავლის მხოლოდ საწყის ფაზას წარმოადგენს, ავტორებმა შეძლეს ინფორმაციის სწორედ ისე მოწოდება, როგორც საჭიროა თემის მიმართ ინტერესის გასაღვიძებლად. წიგნში სამთამადნო წარმოებისა და მეტალურგიის ისტორია ბევრად დიდ ნაწილს იკავებს, ნაკლები ადგილი უჭირავს საკუთრივ ინდუსტრიული არქიტექტურული მემკვიდრეობის საკითხებს, თუმცა სწორედ იმ წერტილში, რომლითაც თავდება კვლევა, იღვიძებს ცნობისმოყვარეობა – ამთავრებ კითხვას და ხვდები, რომ უფრო მეტის გაგება გაინტერესებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული არქიტექტურის კვლევა, შენარჩუნება და მისთვის ახალი ფნქციებისა და თანამედროვე სიცოცხლის მინიჭება?

– ინდუსტრიული რეგიონები თავის შენობებთან ერთად განსაკუთრებული კულტურულ-ისტორიული ღირებულების ანსამბლებს წარმოადგენს. მათი მნიშვნელობა ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია აღიარებულია. გასაკვირი არ არის, რომ მრავალი ინდუსტრიული შენობა იუნესკოს მიერ ძეგლადაა გამოცხადებული, ხოლო 2010 წელს ევროპის კულტურულ დედაქალაქად რურის რეგიონი და ქალაქი ესენი იყო არჩეული, სადაც ისტორიული ინდუსტრიული შენობების კულტურულ დაწესებულებად გარდაქმნა და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება უკვე საამაყოდ ითვლება.

– ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთის ინდუსტრული წრედი წარმოადგენს საქართველოს ადრეული ინდუსტრიალიზაციის ისტორიის უმთავრეს ნაწილს. წრედის თითოეული რგოლი, მისი ფუნქციებისა და დანიშნულებიდან გამომდინარე, უნიკალურია. ინდუსტრიულმა არქიტექტურამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ყოველი ამ დასახლების ქალაქგეგმარებით განვითარებაზე. ინდუსტრიული არქიტექტურის ხიბლი მისი ფორმების სიმარტივეშია. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიული ნაგებობების ფორმებს, როგორც წესი, მათი ფუნქცია განსაზღვრავს, ეს ხელს არ უშლის მათ მრავალფეროვნებას. ხშირად, ამ ფუნქციონალური სიმარტივის მისაღწევად ბრწყინვალე საინჟინრო გადაწყვეტები იყო საჭირო. დამატებით, როგორც პუბლიკაციაში ვხედავთ, ამ რეგიონებში ინდუსტრიული ნაგებობების გარშემო ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული, სატრანსპორტო ნაგებობისა და მუშათა საცხოვრებელი უბნების განსაკუთრებული არქიტექტურა, რომლის შენარჩუნებისა და განახლების საჭიროება ძალიან დიდია.

აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის შემდეგ ავტორების მიერ გაკეთებული დასაბუთების საფუძველზე კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ორ ობიექტს:

– ჭიათურაში ბაგირგზას „პერევისა-ქალაქი“ . საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 11 აგვისტო №2/255 ბრძანებით

– შორაპანში რკინიგზის სადგურის შენობას, 2015 წლის 9 დეკემბერის №2/360 ბრძანებით

ძალიან საინტერესო იქნებოდა, პუბლიკაციას თან რომ ჰქონოდა დართული თითოეული ქალაქის გეგმა, სადაც დატანილი იქნებოდა ყველა ნაგებობა ეპოქებისა და დანიშნულების მიხედვით. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს კვლევის შემდეგი ეტაპია, რომელსაც დიდი ინტერესით ველით.

ვის ინტერესებში უნდა იყოს კვლევის გაგრძელება? – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ზოგადად მთავრობისა და ფართო საზოგადოების გარდა დაინტერესება უნდა მოდიოდეს ამ ინდუსტრიული არეალის დღევანდელი მფლობელებისგან, ვისაც რეალურად შესწევს უნარი, დააფინანსოს სამუშაოები და პუბლიკაციები, მოგვიანებით კი ინდუსტრიული არქიტექტურის ძეგლთა გადარჩენაში და დაცვაში შეიტანოს წვლილი.

ვის დააინტერესებს ეს პუბლიკაცია? – აუცილებლად მათ, ვინც დღეს ამ წიგნში აღწერილი, ჯერ კიდევ აქტიური საწარმოების მუშაობაში იღებს მონაწილეობას, ყველა ადგილობრივ მოქალაქეს, ვისაც თავისი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ისტორია აინტერესებს. პროფესიული წრეებიდან ისტორიკოსებსა და ინდუსტრიის ისტორიის მკვლევარებს, ურბანისტებს, არქიტექტორებს, ფოტოგრაფებს, კულტუროლოგებს, სოციოლოგებს და სხვა ცნობისმოყვარე ადამიანებს.

საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობა. ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთის ინდუსტრიული წრედი. ავტორები: ნ.ზაზანაშვილი, ლ.კალანდარიშვილი. გამომცემელი: ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი, თბილისი 2015, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. ISBN 978-9941-0-8125-5

Comment

Your email address will not be published.