სამწევრისის ტაძარი რესტავრაციამდე

Samtsevrisi Church before restoration

სამწევრისის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ

Samtsevrisi Church after restoration

წირქოლის ტაძრის (VIII ს.) პერსპექტიული ჭრილი. ლ. ხიმშიაშვილი

Tsirkoli Church (VIII c.). Perspective projection/section by L. Khimshiashvili

წირქოლის ტაძარი რესტავრაციამდე

Tsirkoli Church before restoration

წირქოლის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ (1957)

Tsirkoli Church after restoration (1957)

წრომის ტაძარი რესტავრაციამდე

Tsromi Church before restoration

წრომის ტაძარი რესტავრაციის პროცესში

Tsromi Church in the process of restoration

წრომის ტაძარი კონსერვაცია-რესტავრაციის დროს (1976-1977)

Tsromi Church during conservation/restoration (1976-1977)

ტყობა ერდის ტაძარი რესტავრაციამდე

Tkoba-Erdi Church before restoration

ტყობა-ერდის ტაძარი რესტავრაციის დროს

Tkoba-Erdi Church. Restoration process

თბილისის ბეთლემის (ფეთხაინის) ეკლესიის სამრეკლოს ანაზომები. ლ. ხიმშიაშვილი

Bell tower of the Bethlemi Church in Tbilisi. Site measurement drawings by L.Khimshiashvili

ბეთლემის ეკლესიის სამრეკლო რესტავრაციამდე

Bell tower of the Bethlemi Church in Tbilisi before restoration

ბეთლემის ეკლესიის სამრეკლო დღეს

Bell tower of the Bethlemi Church in Tbilisi now

ლევან ხიმშიაშვილი

Levan Khimshiashvili

ქართველი არქიტექტორები: ლევან ხიმშიაშვილი

ამით ვიწყებთ საქართველოში მოღვაწე ყველა თაობის არქიტექტორებისადმი მიძღვნილი სტატიების სერიას.

“ხუროთმოძღვრული ძეგლები სამუდამოდაა მიჯაჭვული მიწასთან – ისინი წარმოადგენენ ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური გარემოს დიდ ნაწილს. ამიტომ, ხუროთმოძღვრული ძეგლები  – ეს არის კონკრეტული შემადგენელი ნაწილი მთელისა, სამშობლოს დიდი გაგებისა. ასეთი მნიშვნელობით ისინი პატრიოტიზმის სტიმულატორის როლში გამოდიან.” ლევან ხიმშიაშვილი

არქიტექტორი ლევან (ლეო) ხიმშიაშვილი იყო ქართული სარესტავრაციო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ოცდაცამეტი ძეგლის რესტავრაციის პროექტის ავტორი, მათ შორის: სამწევრისის, წრომის, წირქოლის, სხალთას, ვარძიის, ბედიის, თიანეთის სიონის, ტყობა-ერდის, წითელი ხიდის და სხვ. მის მიერ განხორციელებული სარესტავრაციო პროექტები გამოირჩევა ურთულესი საინჟინრო-კონსტრუქციული პრობლემების საინტერესო, არასტანდარტული გადაწყვეტით. ლეო ხიმშიაშვილი არ ხელმძღვანელობდა რესტავრაციის ზოგადი, ერთჯერადად შემუშავებული სქემებით, ის ინდივიდუალურად უდგებოდა ყოველ ძეგლს, მისი თავისებურებების გათვალისწინებით.

ვახტანგ ცინცაძე წერდა: „ლევან ხიმშიაშვილი არ კმაყოფილდება რესტავრაციის პროექტის შესადგენად ჩატარებული ძეგლის გაცნობა-შესწავლით, იგი სარესტავრაციო სამუშაოების წარმოების პროცესში ყოველდღიურად ატარებს დაკვირვებებს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასაზუსტებლად. უფრო მეტიც – იგი რესტავრატორთა იმ ჯგუფს მიეკუთვნება რომელიც ბევრჯერ გვინახავს „ქირურგის“ როლში, მკლავებდაკაპიწებული, იარაღ მომარჯვებული, შემართებით მდგომი ძეგლის დაზიანებული – დაავადებული ნაწილების მკურნალად – რესტავრატორად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.“

1951 წელს ლ. ხიმშიაშვილის მიერ აღდგენილ იქნა VII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი სამწევრისი, რომელიც შუაგულ  ქართლში, ქარელიდან ხუთიოდე კილომეტრის დაშორებით, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი მცირე  ზომისაა, კარგად შერჩეული ადგილმდებარეობის გამო ის შორიდანაც კარგად მოჩანს და ყურადღებას იქცევს თავისი ჰარმონიული პროპორციებითა და მოცულობათა დახვეწილობით.  სამწევრისი 1940 წლის მიწისძვრის შედეგად ძლიერ იყო დაზიანებული. დეტალური შესწავლის შედეგად გადაწყდა აღდგენითი სამუშაოების ანასტილოზის* მეთოდით ჩატარება. საჭირო იყო ურთულესი კონსტრუქციული საკითხების გადაწყვეტა, რადგანაც ძეგლის შემორჩენილ კედლებს სხვადასხვა სიდიდის გადახრები და ჯდენები ჰქონდათ. ამ საკითხის გადასაწყვეტად განიხილებოდა ორი ვარიანტი:

პირველი გულისხმობდა დაკარგული კედლების ამოყვანას შვეული სიბრტყეების შენარჩუნებით, რითაც ადვილდებოდა სამუშაოთა წარმოება, მაგრამ ამოყვანილ და ძველ კედლებს შორის ჩნდებოდა დამატებითი – ძეგლისთვის უჩვეულო 22 სმ-იანი არე (ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხის გდახრის სიდიდე ჩრდილოეთის მიმართულებით).

მეორე ვარიანტი ითვალისწინებდა დაკარგული კედლების აშენებას იმ გადახრებით და იმ მიმართულებით, როგორიც ჰქონდათ შემონახულ კედლებს, რაც იძლეოდა წყობის ნაკერების სწვრივობის შენარჩუნების საშუალებას, უცვლელი რჩებოდა ფასადების თავდაპირველი ზომები, ზუსტად უერთდებოდა ახალი და ძველი წყობა, ყოველგვარი ჩანამატების გარეშე აღსდგებოდა თავისივე ქვებით სფერული და ცილინდრული თაღები.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით კედლების აწყობა ართულებდა და აძვირებდა სამუშაოს, მიღებული იქნა მეორე ვარიანტი. ამ წესით აღდგენის შემდეგ ძეგლი დარჩა მთლიანად გადახრილი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, რაც თვალისათვის შეუმჩნეველია, რადგან ძეგლის ახლომახლო არ არსებობს მკვეთრი ვერტიკალები.

მასალები სამწევრისის აღდგენის შესახებ  გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში  ჟურნალ “Historic Preservation” №10 -ში (ამჟამად  “Preservation” – Magazine of the National Trust for Historic Preservation, Washington D.C.)

ქართული კულტურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი  წირქოლი  აგებულია Vlll საუკუნეში. მხატვრულ–ისტორიული მნიშვნელობით ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხუროთმოძღვარმა ნაგებობაში შექმნა მეტად თავისებური შიდა სივრცე, როგორიც არ გვხვდება არც მანამდე და არც მის შემდეგ აგებულ ტაძრებში.

საუკუნეების მანძილზე ძეგლმა განიცადა ნგრევითი დეფორმაციები. მიწისძვრის შედეგად მოწყვეტილი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხე, ჩამოინგრა საკურთხევლის კონქის დიდი ნაწილი, გუმბათის სამხრეთ-აღმოსავლეთის მეოთხედი, გადახურვები და კედლების შესატყვისი ზედა ნაწილები.

წირქოლის ტაძარი აღდგენილ იქნა 1957  წელს ლ. ხიმშიაშვილის საინჟინრო გადაწყვეტის მიხედვით, რომელიც მან კონსტრუქტორების მიერ  წარმოდგენილ პროექტს დაუპირისპირა. კონსტრუქტორები თავიდან მხარს არ უჭერდნენ ძეგლის გამაგრების მის ვარიანტს. განსაკუთრებული ინჟინრული ალღო, რომლითაც ლეო ხიმშიაშვილი გამოირჩეოდა, მას სხვადასხვა შესაძლებელი ვარიანტების ცდის, დაპირისპირების და შეფასების საშუალებას აძლევდა, რომელსაც ის ყოველთვის სწორად იყენებდა ურთულესი ამოცანების გადასაწყვეტად.

„სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხე დაუშლელად იქნა მიდგმული თავის პირვანდელ ადგილზე. ამან კი თავის მხრივ საშუალება მოგვცა ძეგლის გამაგრება – კონსერვაცია ჩაგვეტარებინა დაკარგული ნაწილების აღდგენის საშუალებით, რომლის დროსაც არ მოხდებოდა ამ ნაწილების – აფსიდის კონქის, გუმბათის სფეროს, სამხრეთის კედლის თაღების, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადების და სხვათა დეფორმირება.“ – აღნიშნულია ლ.ხიმშიაშვილის განმარტებაში.

წრომის  ტაძარი  წარმოადგენს ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების კლასიკური პერიოდის ძეგლს (Vll საუკუნის დასაწყისი). თავისი არსებობის მანძილძე ძეგლმა განიცადა მრავალი ნგრევითი დეფორმაცია. ამათგან უკანასკნელი, 1940 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგი იყო. დასავლეთის კედლის გადახრა იმდენად დიდი იყო, რომ ადვილად მოსალოდნელი იყო მისი მთლიანი ნგრევა. 1955 წლიდან დაიწყო ძეგლის შესწავლა, კვლევა და შედგენილი იყო რესტავრაციის პროექტი. ჩატარდა ყველა მოსამზადებელი სამუშაო.

„1959 წლის 15 აგვისტოს ამწეების საშუალებით, დასავლეთის კედელმა, რომელიც შვეული სიბრტყიდან 56 სანტიმეტრით იყო გადახრილი და რომლის წონაც 360 ტონას აღწევდა, იწყო ნელი მოძრაობა და საბოლოოდ მოთავსდა თავის ადგილზე. კედლის ადგილზე გადაწევით შეიკრა ბზარები და აღდგა თავისი პირვანდელი სახით დამაკავშირებელი თაღების განზომილებები.“ (ლ. ხიმშიაშვილი)

„1976-1977 წლებში სხვა საკონსერვაციო სამუშაოებთან ერთად ფანერისგან აღდგენილ იქნა გუმბათი. სამუშაოები მეტად შრომატევადი და ფაქიზი აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ ეს ჩვენთან ძეგლთა დაცვის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.“(ლ. ხიმშიაშვილი)

ანასტილოზის მეთოდით საინტერესო სამუშაოები ჩატარდა  სხალთის  ტაძარზე  აჭარაში. ტაძარი მიეკუთვნება Xlll საუკუნეს. ის ზემო აჭარის არქიტექტურის ყველაზე თვალსაჩინო ძეგლია.

სხალთის ტაძარი მტრის ხელით განადგურდა, როდესაც აჭარა თურქებმა დაიპყრეს (XV ს.). მათ მოანგრიეს კედლების საპირე ქვები და გამოიყენეს სახლების მშენებლობაში. ჩუქურთმიანი ქვები, რომლებიც მოსახლეობამ გაიტაცა, საფლავის ქვებად იქნა გამოყენებული. ასეთი მდგომარეობის გამო სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე სოფლებში და მათ მიდამოებში ჩატარდა დაზვერვითი სამუშაოები და შესაძლებლობის მიხედვით ტაძრის ზოგიერთი ფრაგმენტი დაბრუნებულიც იქნა.

1955 წ. ჩანაწერი სხალთის დღიურში: „28 სექტემბერი. მუშაობას შევუდექით დილის 7 საათიდან. ვაწარმოებთ ხსნარის ჩასხმას დაწყობილ რიგებში. ჩემს მიერ შედგენილ იქნა ჩრდილოეთის კედლის lll რიგის აღდგენის პროექტი,რომელიც გადაეცათ ქვის მთლელებს სამუშაოდ. ამ რიგის წყობაში გამოდიოდა სარკმელი, რომლითაც ჩრდილოეთის კედლის დასავლეთის ნიშა ნათდებოდა. ეს სარკმელი წრიულია და მისი ნახაზის შედგენა გადავდეთ, რადგანაც საჭიროებს დამატებით კვლევას. მუშაობას ვწყვეტთ საღამოს 7 საათზე. ამინდი წვიმიანია.“

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ჩანაწერი ლ. ხიმშიაშვილის დღიურში და იმის დასტურად არის მოყვანილი, რომ ყველა მის მიერ გადადგმული ნაბიჯი და მოქმედება ღრმა ანალიზსა და კვლევაზე იყო დაფუძვნებული.

მთიან ინგუშეთში, მდინარე ასას ულამაზეს ხეობაში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი  ტყობა-ერდი.

ძეგლის შემორჩენილი ნაწილები და ნანგრევებში აღმოჩენილი სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტები ძირითადად  lX – Xll  და  XV – XVl  საუკუნეებით თარიღდება, მაგრამ კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ადგილას lX საუკუნემდეც ყოფილა ნაგებობა და არსებული ძეგლი იმ ძველი ნაგებობის საძირკველზეა აგებული.

ნაწყვეტი ლ. ხიმშიაშვილის 1968 წლის დღიურიდან: „21 ივლისი. დილის 9 საათზე ჩამოვიდნენ ჩვენი დამხმარე ბიჭები და მეგამედ აზიევი. ამინდი კარგია. ვმუშაობთ აზომვებზე. ძეგლის ნატურაში შესწავლამ დაგვარწმუნა,რომ საქმე გვაქვს მეტად რთულ სარესტავრაციო ობიექტთან. უპირველესად ყოვლისა უნდა ავღნიშნოთ, რომ ძეგლმა განიცადა მეტად ძლიერი გადაკეთებები სხვადასხვა პერიოდებში. ეს გადაკეთებები იმდენად დიდი მასშტაბით არის ჩატარებული, რომ მის პირვანდელი სახის ხუროთმოძღვრებაზე წარმოდგენაც კი შეუძლებელი ხდება. ჩვენის აზრით, აქ ძირითადი ძეგლი Vlll-lX საუკუნეების უნდა იყოს. ამას მოწმობს დღეისათვის შემონახული არქიტექტურული ფრაგმენტები და ზოგიერთი კონსტრუქციული ელემენტები. მაგ: აღმოსავლეთის სარკმელი ისევეა გადაწყვეტილი ზუსტად როგორც ეს წირქოლში გვაქვს.“

ძეგლის თავისებურებებიდან გამომდინარე შედგენილი რესტავრაციის პროექტი ითვალისწინებდა არქეოლოგიური მეთოდით აღდგენას ე.ი. ძეგლის დაცვას იმ სახით, რა სახითაც მან აღნიშნულ დრომდე მიაღწია. ტყობა-ერდი აღდგენილი იყო 1968 – 1971 წლებში.

თბილისის ბეთლემის (ფეთხაინის) ეკლესიის სამრეკლოს შესწავლა და აღდგენა 1956 წელს მოხდა. ”დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები თავისი ხასიათით მეტად რთულია და რაც მთავარია მთლიანად დამოკიდებულია ნატურაში კვლევაზე. ძეგლმა თავისი არსებობის მოკლე მანძილზე რამოდენიმეჯერ იცვალა სახე სხვადასხვა პერიოდებში გადაკეთებების წყალობით და ამიტომაც მიდგომა აღდგენისათვის უნდა იყოს მკაცრი და ყველა აღსადგენი ნაწილი იქნეს დასაბუთებული.” ფეთხაინის სამრეკლოზე კვლევის პარალელურად ჩატარებულ იქნა ცალკეული ნაწილების გასამაგრებელი სამუშაოები.

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, არქიტექტორ-რესტავრატორი, მკვლევარი ლევან ხიმშიაშვილი დაიბადა 1920 წლის 23 ნოემბერს თბილისში. 1940 წელს თბილისის კომუნალური ტექნიკუმის არქიტექტურის განყოფილების წარჩინებით დამთავრების შედეგ ლევან ხიმშიაშვილი გაწვეულ იქნა მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე. დემობილიზაციის შემდეგ, 1945-1951 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდიდანვე ლ. ხიმშიაშვილი აქტიურად ჩაერთო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციებში, არქიტექტურული ძეგლების აზომვით სამუშაოებში. სწორედ ამ პერიოდში, თავისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის გამო მან ცნობილი არქიტექტორის, ნ. სევეროვის ყურადღება მიიქცია. აკადემიის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა ძეგლების რესტავრაციაზე. 1951 წლიდან მუშაობდა სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოს უფროს არქიტექტორად, ხოლო შემდგომში, 1967 წლამდე დირექტორად.

კულტურის სამინისტროს სისტემაში პრაქტიკული და კვლევით-ანალიტიკური საქმიანობის პარალელურად ლეო  ხიმშიაშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1969 წლიდან გარდაცვალებამდე (1981 წ.) ლევან ხიმშიაშვილი იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი. 1969 წელს მან ვ. ცინცაძესთან ერთად დააარსა რესტავრაციის კათედრა, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა. კითხულობდა თეოტიული დისციპლინების კურსს, ხელმძღვანელობდა სარესტავრაციო პროექტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ  ლეო ხიმშიაშვილის სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრების მთელი რიგი კულტურის სამინისტროს სამეცნიერო მეთოდოლოგიური საბჭოს მიერ რეკომენდირებული იყო ნატურაში განხორციელებისათვის (ბოჭორმა, ხუჯაბი, ხერთვისი და სხვა).

* ანასტილოზი (ბერძნ. αναστήλωσις, -εως;  ისევ, თავიდან დადგმა) რესტავრაციის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც დანგრეული ისტორიული ძეგლის მისივე შენარჩულებული, ორიგინალური ნაწილების გამოყენებით აღდგენას ითვალისწინებს. ანასტილოზის კრიტერიუმები ვენეციის ქარტიითაა დადგენილი. ჩამოცვენილი ნაწილების ზუსტი ადგილმდებარეობა და მათი ზედმიწევნით გამოკვლევა აუცილებელია, დაუშვებელია მათი ჰიპოთეტურად გამოყენება რეკონსტრუქციის სამუშაოებში.  პირველად ანასტილოზის მეთოდი მეცხრამეტე საუკუნეში, ათენის აკროპოლისშია გამოყენებული. დღეს საუბარია ავღანეთის ბამიანის ბუდების ქანდაკებათა ანასტილოზის მეთოდით აღდგენაზე, რადგანაც არქეოლოგების აზრით, მათი ნანგრევების 50% -ის თავიდან გამოყენება შესაძლებელია.

Comment

Your email address will not be published.