დადიანის, ლერმონტოვის და ტაბიძის ქუჩების გადაკვეთა

კალას გალავნის ჩრდილოეთი კედლის გაყოლებაზეა დადიანის ქუჩა, სადაც გადის საზღვარი შუასაუკუნოვან ფეოდალურ ქალაქსა და 19-ე საუკუნის მართკუთხა, რეგულარულ განაშენიანებას შორის. დადიანის ქუჩის პარალელური ქუჩები სოლოლაკის მთას ზევით მიუყვებიან და სამ პერპენდიკულარულ ქუჩასთან ერთად სოლოლაკის გეგმარებით სტრუქტურას ქმნიან, რომელიც დღესაც კარგად იკითხება და დაცვის საგანს უნდა წარმოადგენდეს.

ქალაქის ეს ნაწილი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით განვითარდა.
სოლოლაკის ქვით ნაგები საცხოვრებელი სახლების ქუჩისპირა ფასადები იმ დროისთვის ევროპაში და რუსეთში გავრცელებული სხვადასხვა არქიტექტურული სტილების და მათი ეკლეკტიკური ნარევის ნიმუშებს წარმოადგენს. უკანა, ეზოს მხარეს კი ანფილადებად გადაბმული ოთახები ღრმა აივნებზე გადის და თბილისისთვის აუცილებელ ეზოს გადაჰყურებს. სოლოლაკში არც საცხოვრებელი სახლების ფასადები არ მეორდება და არც ეზოების ფორმები და ზომები.

2006 წელს მიწასთან გასწორებული რამდენიმე სახლის კომპლექსი ლერმონტოვის, დადიანის და ტაბიძის ქუჩებით შემოფარგლულ პერიმეტრში არა მხოლოდ საკუთრივ შენობების, არამედ ეზოების და ქალაქგეგმარებითი სტრუქტურის დარღვევა არის.

სამუდამოდ დაკარგულია შემდეგი შენობები: ლერმონტოვის 8, ლერმონტოვის და ტაბიძის ქუჩების კუთხე 8/16, ლერმონტოვის და დადანის ქუჩების კუთხე 8/11 და დადიანის 11 და მათი ამ კვარტალის სხვა სახლებთან დამაკავშირებელი ეზოს სივრცე.

ამ მონაკვეთის გარდა დაკარგულია დადიანის და ასათიანის ქუჩის კუთხე, სახლი ნომერი 19/17 თავის ეზოს და აგურის კედლის ჩათვლით.

ამ სახლების და ეზოების ადგილას არ უნდა იყოს ღია სივრცე, თანამედროვე განაშენიანება იგივე სტრუქტურის დაცვით უნდა აღდგეს და ახალი შენობების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს არსებული შენობების სიმაღლეს.

Comment

Your email address will not be published.