გუდიაშვილის მოედანზე მდგომი ეს ნაგებობა თბილისური არქიტექტურის ნამდვილი შედევრია. ის ქართული, აღმოსავლური და კლასიცისტური არქიტექტურის ელემენტების შერწყმის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. მისი უფრო ადრეული, მარჯვენა ნაწილი 1830 წელს აშენდა, მარცხენა კი 1850-იან წლებს მიეკუთვნება. XIX საუკუნეში შენობა ეკუთვნოდა იმპერიულ სამხედრო უწყებას. პირველ სართულზე შტაბი იყო განთავსებული, მეორეზე – ოფიცერთა სასტუმრო. აქ უცხოვრია რუს პოეტს და გვარდიის ოფიცერს, მიხეილ ლერმონტოვს, ვისი სახელიც  მოედნის მიმდებარე ქუჩას დაერქვა. საბჭოთა პერიოდში ყოფილი საცხოვრებელი სახლი გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციად გადაკეთდა. ამჟამად, 2014 წელს,  ყოფილი ინვერსტორის მიერ დაწყებული რეკონსტრუქციის პროცესი შეჩერებულია, რის გამოც ზიანდება როგორც მთელი ნაგებობა, ისე მისი ავთენტური ნაწილები.  თბილისური სახლებისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი ამ შენობაშია თავმოყრილი. მარჯვენა მხარეს – კლასიცისტური, ქვით ნათალი სვეტები და ზედ შემოდგმული მუშარაბიანი აივანი ფერადი მინებით, შუაში – ჭიშკრიანი გალავნით ქუჩისგან დამალული ეზო, ხის ელეგანტური სვეტებით, აივნებითა და კიბით, მარცხენა მხარეს – ხის ულამაზესი აივნით გარშემორტყმული ფასადები, მიწის ქვეშ კი თვით სახლზე უფრო ძველი აგურის კამარებიანი სარდაფები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეს შენობა თავის ქალაქგეგმარებით გარემოსთან ერთად ძველი თბილისის სახეს წარმოადგენს. აუცილებელია მისი დაცვა, მოვლა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.

Comment

Your email address will not be published.