15-ე არქიტექტურული ბიენალეს კურატორის, ჩილელი არქიტექტორის, ალეხანდრო არავენას მიერ ბიენალეს სიმბოლოდ არჩეული სურათი ასახავს შუა უდაბნოში, გასაშლელი კიბის ზედა საფეხურზე მდგომ ქალს, რომელიც რაღაცას აკვირდება. ბრუს ჩეთვინის მიერ გადაღებულ ფოტოზე გერმანელი არქოლოგი მარია რაიხე სამხრეთ ამერიკის ნაზკას უდაბნოს გადაჰყურებს. მიწაზე მდგომ ადამიანთან შედარებით, რომელიც უაზროდ დაყრილ ქვებს ხედავს, კიბის სიმაღლიდან მას სულ სხვა სურათი ეშლება თვალწინ –  ქვებით გარკვეული ფორმები იხატება – ფრინველის, ხის ან ყვავილის… 

არავენას თქმით, ამ ბიენალეს საშუალებით სწორედ ახალი ხედის გახსნა უნდა გახდეს შესაძლებელი. იმ სირთულეებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელსაც არქიტექტურამ უნდა გასცეს პასუხი, გამოფენა REPORTING FROM THE FRONT (რეპორტაჟი ფრონტიდან) ყურადღებას უთმობს მათ, ვისაც უნარი აქვს შემაღლებიდან გადახედოს მოვლენებს და ცდილობს დაინახოს ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. ბიენალეს მიზანია, აჩვენოს ორივე მხარე – იმ კულტურული და არტისტული განზომილებების გარდა, რომელსაც ჩვენი პროფესია ისედაც შეიცავს, გარკვევით უნდა იყოს წარმოჩენილი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საკითხების სპექტრი. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ არქიტექტურა მხოლოდ ერთ განზომილებაში არ ჯდება, ის ერთდროულად  მრავალ სფეროს აერთიანებს. “რეპორტაჟი ფრონტიდან” არის მათ შესახებ, ვინც ჰორიზონტის გაფართოებას ცდილობს და ისეთი გამოწვევების პირისპირ დგება, როგორიცაა სეგრეგაცია, უთანასწორობა, პერიფერიები, ბუნებრივი კატასტროფები, საცხოვრებლის უკმარისობა, მიგრაცია, უკანონობა, კრიმინალი, ტრანსპორტი, გარემოს დაბინძურება, მოსახლეობის თანამონაწილეობა და სხვა. ეს არის ფრონტის ხაზები არქიტექტორებისთვის, რომლებიც საზოგადოებასთან ერთად იბრძვიან უკეთესი გარემოს შესაქმნელად და საიდანაც წლევანდელი ბიენალე რეპორტაჟებს ითხოვს – წარმატებულ ისტორიებს და სამაგალითო შემთხვევებს, სადაც არქიტექტურას ჰქონდა, აქვს და ექნება გადამწყვეტი როლი.

მართლაც, წლევანდელი ბიენალე სხვებისგან განსხვავებული და ძალიან მრავალფეროვანია – ის კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ არქიტექტურა სარკესავით ირეკლავს პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს. ის გვაჩვენებს, რომ არქიტექტურის მთავარი დანიშნულება არ უნდა იყოს მხოლოდ საკუთარი თავით ტკბობა, არამედ საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანა და ეს არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ მდიდარ, განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომ ქვეყნებს. არქიტექტურული კოსმოსის სუპერვარსკვლავები თავიანთი ფანტასტიური შენობებით, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ ადგილებთან და მათ პრობლემებთან ამ ბიენალეს არ აინტერესებს. თუმცა გამოფენაში ასევე ცნობილი ვარსკვლავებიც იღებენ მონაწილეობას სადაც გარკვევით გამოხატავენ პოზიციას მოცემული თემებთან დაკავშირებით. ასევე არის ბევრი ნამუშევარი, რომელიც არ აჩვენებს არქიტექტურის ახალ პოლიტიკურ ან სოციალურ პოზიციას, მაგრამ საინტერესო თემების თანამედროვე ხედვას. 

არსებობს არაერთი საერთაშორისო არქიტექტურული გამოფენა, მაგრამ ვენეციის ბიენალეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ ჯადოსნურ ქალაქში ეწყობა. ბიენალეს გახსნაზე მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ყველა თაობის არქიტექტორი ხვდება ერთმანეთს. თითქმის ნახევარი წლის მანძილზე იმართება დისკუსიები, შეხვედრები, კონფერენციები, სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა თანმდევი ღონისძიებები, არქიტექტორები და კურატორები თავის ნამუშევრებზე საუბრობენ, უზიარებენ გამოცდილებას და აზრებს თანამედროვე არქიტექტურაზე, პროფესიაზე, სამყაროზე, სადაც მათ მუშაობა უწევთ. აქ ბევრის სწავლა შეიძლება და ეს საინტერესოა!

ბიენალეს მთავარ გამოფენა  REPORTING FROM THE FRONT -ში მონაწილეობს 88 არქიტექტორი და/ან არქიტექტორთა ჯგუფი 37 ქვეყნიდან და 62 ქვეყნის ეროვნული პავილიონი. მათ შორის სამწუხაროდ არ არის საქართველო. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილ თემებთან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს პირდაპირი კავშირი აქვს. 

მონაწილეობის მიღება შეიძლება  დაგვხმარებოდა  იმის გაცნობიერებაში, რომ დიდი ხანია მოვიდა დრო, ავიდეთ იმ კიბეზე, რომლიდანაც ჩვენი საარსებო გარემოს რეალური ხედი გადაგვეშლება თვალწინ და კონკრეტულ კონტურს მიიღებს ყველა ის პრობლემა, რომელთანაც ბრძოლას მარტო ვეღარ გავწვდებით. ჩვენც ამ მსოფლიოს ნაწილი ვართ და ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის მქონე ღონისძიებებში ჩვენი მონაწილეობით შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ, მეორეს მხრივ კი დავამტკიცოთ ჩვენი არსებობა მსოფლიოს რუკაზე.  რა არჩევანს ვაკეთებთ – წინ, მომავალში ვიყურებით თუ უკან წარსულისკენ?  ერთად ერთი, რაც ამ წუთას მოჩანს, დაკარგული შესაძლებლობაა.

ყველა ეროვნულ პავილიონს მისივე ქვეყნის კულტურის, მშენებლობის, ეკონომიკის ან მსგავსი განხრის სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაცია აფინანსებს, ყველა ქვეყანაში ცხადდება კონკურსი კურატორების და მონაწილეების გამოსავლენად. მაგალითად, ესპანეთის პავილიონი, რომლის გამოფენაც “დაუსრულებელი”  წლევანდელი ბიენალეს გამარჯვებული და “ბიენალეს ოქროს ლომის” მფლობელი გახდა, სამი სამინისტროს და რამდენიმე ფონდის მხარდაჭერით გაკეთდა. ესპანეთში გამოცხადდა ღია კონკურსები. 55 არჩეული შენობა 500 საკონკურსო წინადადებიდან იყო არჩეული, ხოლო 12 დაჯილდოებული პროექტი 108 წარმოდგენილი პროექტიდან.  

როდესაც ქვეყანას არა აქვს საკუთარი პავილიონი, გადამწყვეტია კარგი საგამოფენო ადგილის პოვნა. კარგი ადგილი კი იქ არის, სადაც ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი – ჯარდინის და არსენალეს ტერიტორიებზე. საქართველოს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა, რამდენიმე წლის მანძილზე შეენახა 2013 წლის არტ ბიენალედან შემორჩენილი “კამიკაძე ლოჯია”, რომლის  საქართველოს პავილიონად გამოყენება ორივე – არტისა და არქიტექტურის ბიენალეებისთვის – მრავალი მიზეზის გამო იყო აუცილებელი – პირველ რიგში იმიტომ რომ არც მანამდე და იმის მერე არც ერთ ქართულ გამოფენას არტ ბიენალეზე არ ჰქონია ასეთი წარმატება. მეორე რიგში იმიტომ, რომ ეს მარტივი და ძალიან მომხიბლავი ხის კონსტრუქცია არსენალეს ტერიტორიაზე იდგა (ქალაქში გაბნეული გამოფენების სანახავად სპეციალურად წასვლა როგორც წესი დროის სიმცირის გამო თითქმის შეუძლებელია) და მესამე რიგში იმიტომ, რომ ძალიან ძნელია ასეთი ადგილის პოვნა და შენარჩუნება თუნდაც 5 წლის განმავლობაში. ხუთ წელიწადში სამი არტის და ორი არქიტექტურული ბიენალესთვის გვექნებოდა საუკეთესო ადგილი, ჩვენთვის სრულიად საკმარისი და სხვებისთვის დასამახსოვრებლად ადვილი. რა გავაკეთეთ ჩვენ?- დავანგრიეთ “კამიკაძე ლოჯია”, ჩავშალეთ წინა არქიტექტურული ბიენალეს (2014) კონკურსი, შემდეგი არტ ბიენალესთვის (2015) ადგილის დაქირავება მოგვიწია, წლევანდელი არქიტექტურული ბიენალე კი საერთოდ არ გაგვხსენებია. არა და რამდენის თქმა შეგვეძლო! შემდეგი ბიენალეც მოვა.

დროა, ჩვენი ქვეყნის კულტურული პოლიტიკის განმსაზღვრელი დაწესებულებები რამდენიმე საფეხურის სიმაღლიდან დააკვირდნენ პრიორიტეტების განაწილების მნიშვნელობას – რა არის მთავარი, რა არის მეორეხარისხოვანი? საქართველოში ბევრი ცდილობს მაღალ კიბეზე ასვლას. სამწუხაროდ, როგორც წესი მხოლოდ  ზემოდან ქვემოთ საყურებლად, და არა ხედის გასაფართოებლად, როგორც ამას არავენას მიერ ბიენალესთვის არჩეულ მშვენიერ სურათზე მარია რაიხე აკეთებს. 

მთავარი გამოფენისა და ეროვნული პავილიონების გარდა ბიენალეს თან სდევს 3 სპეციალური პროექტი –

1. Reporting from Marghera and other Waterfronts (რეპორტაჟი მარგერადან და სხვა სანაპიროებიდან) – აანალიზებს ვენეციის მიმდებარე დიდი ინდუსტრიული პორტის ტერიტორიის ურბანული რეგენერაციის პროექტს (კურატორი სტეფანო რეკალკატი). კითხვაზე, თუ რა კონკრეტული სარგებელი მოაქვს ხოლმე ვენეციისთვის არქიტექტურულ ბიენალეებს, დირექტორი პაოლო ბარატა როგორც ერთ-ერთ მაგალითს, სწორედ ამ პროექტს ასახელებს. სანაპირო ქალაქებში ფრონტის ხაზი სწორედ იქაა, სადაც გაივლის ფიზიკური საზღვარი ურბანულ გარემოსა და საპორტო სივრცეებს შორის. ხშირად ასეთი ქალაქები კარგავენ კავშირს ზღვასთან, პორტის მიმდებარე ურბანული ტერიტორიების ხარისხი დეგრადირებულია.

2. პირველად არქიტექტურული ბიენალეს ისტორიაში ბიენალესა და ლონდონის ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის თანამშრობლობით გაიხსნა სპეციალური პავილიონი A World of Fragile Parts (მყიფე საგნების სამყარო, კურატორი ბრენდან კორმიე). გამოფენაზე საიტერესოდაა წარმოდგენილი პრობლემა – რამდენად გვეხმარება მუდმივად საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაში მათი ასლების წარმოება. სამუზეუმო ასლების წარმოებას დიდი ისტორია აქვს. ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის მიერ შედგენილი მსოფლიო კულტურის ნიმუშთა ასლების კოლექციები 19-ე საუკუნიდან საგანმანათლებლო მიზნებისთვის (მოძრავი გამოფენები და სხვა) გამოიყენებეოდა. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან კი მათ ასევე მემკვიდრეობის დაცვის ფუნქცია შეემატა, რადგანაც ბევრი  მათგანი ორიგინალებისგან განსხვავებით ომებს და სხვა კატასტროფებს გადაურჩა. თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრად უფრო ზუსტი და მაღალი ხარისხის კოპიოების გაკეთების საშუალებას გვაძლევს, მაგრამ აქვე იბადება კითხვა – რა და რა რაოდენობის კოპიოების კეთებას აქვს აზრი? რა არის განსხვავება კოპიოსა და ორიგინალს შორის? რა ღირებულება აქვს კოპიოს საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც ავთენტურობა წარმოადგენს მთავარ განმსაზღვრელ პირობას?

3. გამოფენა Conffllicts of an Urban Age (ურბანული ერის კონფლიქტები, კურატორი რიკი ბარდეტი, 2006 წლის არქ.ბიენალეს მთავარი კურატორი, LSE Cities და Urban Age-ის დირექტორი) გვაჩვენებს თუ როგორ შეიცვალა ქალაქები უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, რა გავლენა მოახდინა ქალაქების უპრეცედენტო ზრდამ საჯარო სივრცეებზე, უთანასწორო განვითარებაზე და რა სახის ურბანული განვითარების გეგმარებამ გაუძლო დროს. გამოფენა მომზადებულია საერთაშორისო კონგრეს ჰაბიბატ 3-ის კონტექსტში, რომელიც გაიმართება 2016 წლის ოქტომბერში ეკვადორში.

საქართველოში ამავე პერიოდის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელი პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის. 

ბიენალეს ჯილდო -“ოქროს ლომი” დამსახურებისთვის გადაეცა ბრაზილიელ არქიტექტორს,  2006 წლის პრიცკერის პრემიის ლაურეაატს, პაულო მენდეს და როშას. პაულო მენდეს და როშა დაიბადა 1928 წელს. ის არის ბრაზილიის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორი და ურბანისტი. 

Comment

Your email address will not be published.