შტაბის შენობა და სასტუმრო “ევროპეისკიე ნომერა”, ერმაკოვის ფოტო

Transcaucasian military headquarters and Hotel "Evropeiskie nomera", Image: Ermakov

ყოფილი სასულიერო სემინარია, ახლა – ხელოვნების  სახელმწიფო მუზეუმი

Former Theologcal Seminary, now - State Art Museum

თავისუფლების მოედანი (ყოფილი ლენინის, ყოფილი ბერიას, ყოფილი ფედერაციის, ყოფილი პასკევიჩ-ერევანსკის მოედანი)

თბილისის მთავარი მოედნის განაშენიანება 19-ე საუკუნეში დაიწყო. ეს ადგილი, რომელსაც სოლოლაკის მთიდან ჩამოსული ხევი ჭრიდა, ძველი ქალაქის (კალას) გალავნის გარეთ მდებარეობდა და გარეთუბანი ერქვა. დაარსებიდან დღემდე ამ მოედნის შენობათა ისტორია მხოლოდ დანაკარგებისგან შედგება. თუმცა მოედანი ბევრჯერ გადაკეთდა, შენარჩუნებულია მისი ტრაპეციული ფორმა და ძირითადი ზომები.

1824 წელს რუსული კლასიციზმის სტილში აშენებული პირველი შენობა არის ამიერკავკასიის სამხედრო შტაბი, რომელიც თავისუფლების მოედნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშია. 1825 წელს შვეიცარელი არქიტექტორის, ჯუზეპე ბერნადაცის პროექტით კლასიცისტურ სტილში აშენდა იაკობ ზუბალაშვილის სახლი, რომელიც შემდეგ სასულიერო სემინარიად გადაკეთდა, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმს ეკუთვნის.

ეს ორი შენობა დღემდე თითქმის უცვლელად არის შემორჩენილი.

მათ შორის არსებული 19-ე საუკუნის განაშენიანება საბჭოთა პერიოდში ორმა შენობამ შეცვალა – რუსთაველის 1, გვერდითი ფასადით დგას მოედნისკენ (არქ. ს.ყუბანეიშვილი, ა.ქურდიანი, მ.მელია, 1939 წ.) და “ცეკავშირის” შენობა, (არქ. გ.მელქაძე და ნ. ქვარცხავა, 1971 წ.) რომელიც ამჟამად დანგრეულია.

1851 წელს საზეიმოდ გაიხსნა იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის პროექტით აშენებული თეატრი. რენესანსის ეპოქის არქიტექტურით შთაგონებული შენობა, რომელიც დღევანდელი მოედნის შუაში იდგა, ასევე ქარვასლასაც შეიცავდა და ცნობილ თბილისელ ვაჭარსა და მეცენატს, გაბრიელ თამამშევს ეკუთვნოდა. თეატრი, რომლის ინტერიერი გაგარინის მიერ იყო მოხატული, 1874 წელს დაიწვა და აღარ აღდგენილა.

ქარვასლა კი მოედნის მორიგ რეკონსრუქციას 1934 წელს  შეეწირა.

მოედნის მთელ სამხრეთ მხარეს იკავებს და მის მთავარ აქცენტად იგულისხმება თბილისის მერიის შენობა. მისი სიმეტრიული ფასადი და შუაში მოთავსებული საათიანი კოშკი მოედნის ღერძსაც ქმნის და იმასაც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს დანარჩენი განაშენიანების მასშტაბი. ეს შენობა 19-ე ს. 40-იან წლებში აშენდა როგორც პოლიციის შენობა, რომელიც პირველად ინჟ. ოზეროვის მიერ გადაკეთდა, 19-ე საუკუნის 70-იან წლების ბოლოს კი არქიტექტორ პაულ შტერნის კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიხედვით მისმა ფასადებმა ფსევდო-მავრიტანული იერი მიიღო. 1879 წელს აქ ადგილი დაიმკვიდრა ქალაქის სათათბირომ და გამგეობამ. 1910-1912 წლებში შენობა კიდევ ერთხელ გადაკეთდა არსებული სტილის დაცვით. 2010 წლამდე აქ თბილისის მერია იყო განთავსებული. 2012 წელს დასრულებულ რეკონსტრუქციის პროცესში დაიკარგა შენობის ფასადების ავთენტური ლესვა, რომელიც ახალი ლესვით შეიცვალა.1991-1992 წლების თბილისის ომის შედეგად მთლიანად განადგურდა მოედნის დასავლეთი მხარის შენობების რიგი, მათ შორის 1876 წ. ინჟ. ალექსეევის მიერ აშენებული სასტუმრო “კავკაზი” -ს შენობა (შტაბის გვერდზე), იმავდროულად მოედნისა და სოლოლაკის (ლეონიძის) ქუჩის კუთხეში აშენებული ყოფილი სასტუმრო “ინტერნაციონალი” და მათ შორის მათ შორის არსებული ორსართულიანი შენობების რიგი. 2002 წელს ყველა ამ შენობის ადგილი დაიკავა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” ერთდერთმა 9 სართულიანმა შენობამ. ავტორი არქ. ვ. ცინცაძე.

1880 წელს გაივსო სოლოლაკის ხევი (ავანაანთხევი), მოედანი ერთიან, ქვით მოკირწყლულ სივრცედ იქცა.
1885 წელს მოედნის ჩრდილოეთ მხარეს გაშენდა ე.წ. “ნოვი სად”, (ახლანდელი პუშკინის სკვერი მისი ნაწილია), სადაც 1892 წელს პუშკინის ძეგლი დაიდგა.

მოედნის აღმოსავლეთი მხარე: 19-ე საუკუნის 50-იან წლებში ქალაქის ძველი გალავნის აფეთქების შემდეგ მისი ხაზის გასწვრივ მოედნიდან სანაპიროსკენ სახლების ახალი რიგის (პუშკინის ქუჩა) მშენებლობა დაიწყო.

პუშკინის 1-3, საკრედიტო საზოგადოება, შემდეგ საქართველოს ბანკი, აშენდა 1870-იან წლებში არქიტექტორ ზალცმანის პროექტით. ის 1903 წელს გადაკეთდა და მოგვიანებით გაფართოვდა ლესელიძის ქუჩის კუთხემდე. 2009 წელს ზალცმანის შენობა დაანგრიეს.

1902 წელს არქიტექტორ შიმკევიჩის მიერ აშენებეული “ტიფლისკი პასაჟი” 1935 წ. არქ. ნეპრინცევის მიერ გადაკეთდა (დაშენება).
2012 წელს დასრულდა მოედნის აღმოსავლეთი მხარის რეკონსტრუქცია, რომელმაც მთლიანად შეცვალა შენობების ძველი სახე და კიდევ ერთხელ მთელი მოედნის მასშტაბი. გაიზარდა სართულიანობა, სახლებს დაემატა მანამდე არარსებული არქიტექტურული ელემენტები, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის ნაცვლად წასული საუკუნეების სხვადასხვა სტილების ნარევს წარმოადგენს. არქიტექტორები ლ.მუშკუდიანი და გ.კიკნაძე.

2012 წელს პუშკინის ქუჩის გასწვრივ რეკონსტრუქციის პროცესში გაითხარა თბილისის ძველი გალავნის ფრაგმენტები, რამაც კიდევ ერთხელ შეცვალა რეკონსტრუქციის გეგმები და ქუჩის სახე. ახლა ეს გალავნის ნაწილები ღია ცის ქვეშ გადახურვის გარეშეა დატოვებული.

19-ე საუკუნისაა ასევე დადიანის და ლესელიძის კუთხეში არსებული შენობა, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, ხოლო მერიის მეორე მხარეს, გალაქტიონის და ლეონიძის ქუჩების კუთხეში მდგომი შენობა სრულიად უმიზეზოდ იქნა დანგრეული და მისი თავიდან აშენებული რეპლიკა ერთი სართულით მაღალი აღმოჩნდა.

საკუთრივ მოედნის სივრცეც მრავალჯერ გადაკეთდა. 1934 წელს ქარვასლის ადგილას მოედანზე მარმარილოს ტრიბუნა აშენდა, რომელიც 1950-იან წლებში ისევ დაანგრიეს. 1956 წელს მოედნის შუაში ლენინის ძეგლი დაიდგა, ავტორები : მოქანდაკე ვ.თოფურიძე, უ. ჯაფარიძის მონაწილეობით. არქიტექტორები: შ.ყავლაშვილი, გ.მელქაძე, კ.ჩხეიძე, კ.ხეჩინაშვილი. 1990 წელს ლენინის ძეგლი აიღეს და მის ადგილას ჯერ მწვანე მოლი, შემდეგ კი შადრევანი ააშენეს, რომელმაც მალევე დაუთმო ადგილი ზ.წერეთლის უზარმაზარ სვეტზე შედგმულ მოოქროვილ წმ.გიორგის მონუმენტს.

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ამ მოედნის თითქმის მთლიანი განაშენიანების სიმაღლის დაახლოებით სამჯერ გაზრდამ და და უპროპოციო მონუმენტის გაჩენამ სრულიად შეცვალა მოედნის მასშტაბი. დაკნინდა მერიის შენობის, როგორც მოედნის აქცენტის მნიშვნელობა, დასავლეთის განაშენიანების მრავალფეროვნება შეიცვალა ერთი გაგნტური შენობით, აღმოსავლეთის განაშენიანების მრვალფეროვნება შეიცვალა ახალი, მაგრამ ერთ, გაურკვეველ სტილამდე დაყვანილი შენობების ჯგუფით. უცნობია, თუ რა ზომის და რა არქიტექტურული ღირებულების შენობა აშენდება “ცეკავშირის” მაგივრად და როგორ გავლენას მოახდენს ის მოედნის ისედაც დაკარგულ მასშტაბზე.

შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ურბანული სივრცის დამახასიათებელი ელენემტების გადამწვეტი უმრავლესობა სამუდამოდ დაკარგულია.

Comment

Your email address will not be published.

A Local's Travel Guide to Tbilisi, Georgia – Passion Passport

20.11.2020 01:41

[…] area around the Freedom Square (or Liberty Square) is where Tbilisi’s new town started to develop in the 19th century. The […]

Answer