გუდიაშვილის მოედანს და მის გარშემო მდგომი შენობების დიდ ნაწილს განადგურება ემუქრება. ამ არეალის შენობების უმრავლესობა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ყველა ეს შენობა თავის ეზოებთან ერთად და მთლიანად გუდიაშვილის მოედანი, მიმდებარე ჩიხებით და ქუჩებით არის განუყოფელი ნაწილი იმ ერთიანი, უნიკალური ქალაქგეგმარებითი სტრუქტურისა, რომელიც შუასაკუნოვანი ძველი ქალაქიდან არის შემორჩენილი, თავადაც ძეგლს წარმოადგენს და როგორც ანსამბლი, დაცვის საგანი უნდა იყოს.
განადგურება 2012 წლის მაისში გუდიაშვილის 2 ნომრის – ძველი თბილისისა და ამ მოედნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობის, კულტურის მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლის (ნომერი 429) ნგრევით დაიწყო. დღეისათვის არ არსებობს ან უცნობია არეალის მომავალი განვითარების ახალი კონცეფცია და გეგმები. არ დამთავრებულა სარეკონსტრუქციო სამუშაოები გუდიაშვილის 2 ნომრის შენობაზე და უკვე დაანგრიეს მიმდებარე სახლი, აბესაძის 23 ნომერი.
გუდიაშვილის მოედანი ყველა თვალსაზრისით უნიკალურია და თბილისს მისი დაკარგვის უფლება არა აქვს.

ვაშინგტონის ქარტია:
“2. შესანარჩუნებელ ღირებულებებს ეკუთვის ქალაქის ისტორიული ხასიათი და ყველა ის მატერიალური და სულიერი ელემენტი, რომელშიც ეს ხასიათი თავს იჩენს, განსაკუთრებით კი: ა) ქალაქის ურბანული ქსოვილი, რომელიც მიწის ნაკვეთებისა და ქუჩების ქსელის ფორმებით განისაღვრება. ბ) დამოკიდებულება შენობებს, გამწვანებულ სივრცეებსა და თავისუფალ სივრცეებს შორის. გ) სტრუქტურის და სტილის, მასშტაბის და მოცულობის, კონსტრუქციების და მასალების, ფერების და დეკორის საშუალებით განსაზღვრული, შენობების ინტერიერის და ექსტერიერის დამახასითებელი სახე. დ) ქალაქის ან ურბანული სივრცის დამოკიდებულება მის გარემომცველ გარემოსთან, ბუნებრივი იქნება ის თუ და ადამიანის ხელით შექმნილი და ე) სხვადასხვა ფუნქციები, რომლებიც ქალაქმა ან ურბანულმა სივრცემ დროთა განმავლობაში შეიძინა.
ყველა სახის საფრთხე, რომელიც ამ ღირებულებებს ემუქრება, წარმოადგენს აგრეთვე საშიშროებას ისტორიული ქალაქის ან ურბანული სივრცის ავთენტურობისათვის.”

Comment

Your email address will not be published.