გობექლი თეფეს გათხრები. ფოტო:DAI.წყარო:daist.blog

Gobekli Tepe excavation area. photo: DAI. Source:dainst.blog

ნევალი ჩორის გათხრები. წყარო: researchgate.net

Nevali Cori excavation area. Ref.: researchegate.net

ოჯახის ფუძის სვეტი სოფელ კანასირაგიდან,დაღესტანი.
წყარო: Старый аварский дом, Мовчан Г., ДМК,2001

Familiy Root-pilar, Kanasirag, Dagestan. Source: Старый аварский дом, Мовчан Г., ДМК,2001

დედაბოძი, დუშეთი, საქართველო. ლონგინოზ სუმბაძე, Архитектура грузинского народного жилища дарбази. მეცნიერება, 1984

Dedabodzi from Dusheti, Georgia. Longinoz Sumbadze, Архитектура грузинского народного жилища дарбази.

გობექლი თეფე.სამტეხლოზე მიტოვებული სვეტი.(Photo: © DAI)tepetelegrams.wordpress.com

Gobekli Tepe. T-shaped pillar left in the quarries.(Photo: © DAI) tepetelegrams.wordpress.com

ქვისა და ხის T-სვეტების (დედაბოძების) სამუშაო მოცულობა

Stone and wooden T-pillars workload diagram

გობექლი თეფე. T-ფორმის ქვის სვეტი. წყარო:(Photo Berthold Steinhilber. Ref: researchgate.net)

Gobekli Tepe. T-shaped pillar. (Photo Berthold Steinhilber. Ref: researchgate.net)

ხის სვეტი ავღანეთიდან. წყარო:pinterest.ca

T-shaped wooden pillar from Afghanistan. Source: pinterest.ca

ქართული დარბაზი. ხის დედაბოძი

Georgian Darbazi. Wooden Dedabodzi (Mother-Pillar)

ქართული დარბაზი, სოფელი დიღომი. ნ.სევეროვის ფასადი, ჭრილი და გეგმა

Georgian Darbazi from village Dighomi. Facade, section and plan by N.Severov

ყარაღაჯის დარბაზი. ნ.სევეროვისა და ლ.სუმბაძის მიხედვით

Georgian Darbazi from village Karagaji after N.Severov and L.Sumbadze

ქართული დარბაზის ინტერიერი

Interior of Georgian Darbazi (Domed Hall) with Dedabodzi (Mother-Pillar) and Gvirgvini (Crown)

ინტერიერი, ბალტიტ ფორტი, ჰუნზა, პაკისტანი. ფოტო: mhtoori. წყარო.:commons.wikimedia.org

Inside of Baltit Fort Hunza, Pakistan. Author: mhtoori. Ref.:commons.wikimedia.org

ნევალი ჩორი. რეკონსტრუქციის ვარიანტები ჰაუპტმანის მიხედვით, 1993, 1999. წყარო: researchgate.net

Nevali Cori. Reconstructions after Hauptmann, 1993, 1999. Ref.: researchgate.net

მარცხნივ:გობექლი თეფეს მოდელი, ავტორი ფერნანდო ბაპტისტა. წყარო:nationalgeographic.com მარჯვნივ:სახურავის რეკონსტრუქცია ედუარდ ბანინგის. წყარო:researchgate.net

left: Gobekli Tepe model created by Fernando Baptista.Source: nationalgeographic.com right: reconstruction of the roof framing by Edward Banning. Source: researchgate.net

ნევალი ჩორი. გიორგი მარგიშვილის სქემატური რეკონსტრუქციის ვარიანტი.

Nevali Cori. Reconstruction proposal diagram by Giorgi Margishvili

გობექლი თეფე. გიორგი მარგიშვილის სქემატური რეკონსტრუქციის ვარიანტი.

Gobekli Tepe. Reconstruction proposal Diagram by Giorgi Margishvili

გებკლი თეფედან და ნევალი ჩორიდან ქართულ გვირგვინიან სახლამდე. არქიტექტორ გიორგი მარგიშვილის მოსაზრება.

დედაბოძიან-გვირგვინიან დარბაზულ საცხოვრისს დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი ადრეული ნიმუშები გამოვლენილია დღევანდელ საქართველოშიც, რომელთა ასაკი 5-6 ათასი წელია. ამ ტიპის საცხოვრისი დღემდეა შემორჩენილი კავკასიიდან ინდოეთამდე.
გასული საუკუნის ბოლოს დღევანდელი თურქეთის სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა T-ს ფორმის ქვის სვეტებიანი ყველაზე ადრეული, ჩვენს ერამდე X-IX ათასწლეულის ნაგებობების ნაშთები, რომელთა ნაწილი შეუსწავლელია, ხოლო ნაწილის შესწავლა დღესაც გრძელდება. ვფიქრობთ, რომ ეს ნაგებობები თანამედროვე დედაბოძიან საცხოვრებლებთან მსგავს ნიშნებს ავლენენ. ჩვენს ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით გავაანალიზეთ ნევალი ჩორისა და გობექლი თეფეს სტრუქტურები შევადარეთ დედაბოძიან-გვირგვინიანი სახლების სტრუქტურებს. ანალიზზე დაყრდნობით ვთვლით, რომ შესაძლებელია ნევალი ჩორის და გობეკლი თეფეს ნაგებობებს გვირგვინიანი გადახურვა ჰქონოდათ და ამ ტრადიციიდან უნდა მომდინარეობდეს ქართული/კავკასიური, ირანული და პამირული გვირგვინიანი საცხოვრებლები.
მოყვანილი მოსაზრებები დარბაზულ სახლებსა და ამ უძველეს ნაგებობების სავარაუდო ნათესაური კავშირის წარმოჩენის პირველი მცდელობაა. ვფიქრობთ, ამ საკითხების დაზუსტებას საერთაშორისო დარგთაშორისი პროფესიული კავშირები და შემდგომი ერთობლივი კვლევა ჭირდება.

დედაბოძიან-გვირგვინიან დარბაზულ საცხოვრისს დიდი ხნის ისტორია რომ აქვს, სადაო არ არის. მისი ადრეული ნიმუშები გამოვლენილია დღევანდელ საქართველოშიც – იმირის და შულავრის გორები, ქვაცხელები, ამირანის გორა და სხვა, რომელთა ასაკი 5-6 ათასი წელია. ამ ტიპის საცხოვრისი დღემდეა შემორჩენილი კავკასიიდან ინდოეთამდე. დარბაზული ნაგებობები სხვადასხვაგვარია1, თუმცა ყველგან ასევე საერთო, ან მსგავს ნიშნებს ატარებს. რადგან გვირგვინიანმა საცხოვრებლებმა დიდი განვითარება ჰპოვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ამ ნაგებობების მრავალმხრივ კვლევას ჩვენში ასევე დიდი ტრადიცია აქვს2. მნიშვნელოვანია, რომ როგორც მისი მთავარი სივრცე დარბაზი უწყვეტი არქაული ტრადიციის (წინაპრების ხსოვნის) და ოჯახის სიწმინდის განსახიერებაა, ასევე მისი ყოველი ნაწილი/შემადგენელი (დედაბოძი, თავხე, გვირგვინი, ერდო, კერია, ბანი, შემკულობა, ავეჯი და სხვა) საკრალურ-სიმბოლური ფუნქციის მატარებელია.
გასული საუკუნის ბოლოს დღევანდელი თურქეთის სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა T-ს ფორმის ქვის სვეტებიანი ყველაზე ადრეული ნაგებობების ნაშთები, რომელთა ნაწილი შეუსწავლელია, ხოლო ნაწილის შესწავლა დღესაც გრძელდება. საზოგადოება, რომელიც ამ კულტურას ქმნიდა, თავისი განვითარებით გაცილებით აღემატება იმავე პერიოდის მანამდე ცნობილ მაგალითებს. მათგან ყველაზე ცნობილი გობექლი თეფეს კომპლექსია, ჩვენს ერამდე X ათასწლეულის მრგვლოვანი/წრიული შენობების კარგად შემონახული სისტემა3. ასევე მეტად მნიშვნელოვნად ითვლება ნევალი ჩორის ჩვენს ერამდე IX ათასწლეულის მართკუთხა გეგმის ნაგებობის ნაშთი. ეს ნაგებობები თანამედროვე გვირგვინიან საცხოვრებლებთან მსგავს ნიშნებს ავლენენ: წყვილი T-სვეტები მოცულობის ცენტრში; კედლის გასწვრივ ჩაშენებული/ჩართული T-სვეტები, სვეტების სიმბოლურ-კოსმოგონიური მორთულობა, კედლების გასწვრივ თაროები, ნეგებობების ნაწილობრივ მიწაში შეღრმავება (შესმა). ამ კომპლექსების დანიშნულება დადგენილი არაა, თუმცა მათი რიტუალური მნიშვნელობა ეჭვს არ იწვევს
საქართველოში გავრცელებული ორდედაბოძიანი გვირგვინიანი დარბაზული ტიპის სახლების ამ უძველეს ნიმუშებთან არქიტექტურულ-სტრუქტურული შედარებით, ნივთიერ (არქეოლოგიურ), ეთნოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით განვიხილავთ მათ მსგავსებებს და სავარაუდო „ნათესაურ“ კავშირებს.
საქართველოში (კავკასიაში) გავრცელებული დედაბოძების უმეტესობა მართკუთხა კვეთის ტრაპეციული ფორმის, ზემოთკენ გაფართოებული სვეტებია. მათი ნაწილის, სავარაუდოდ, უფრო ძველი ნიმუშების, ბუღაური (სვეტისთავი, დათვი4) და სვეტი ერთიანად, ერთი ხისგანაა გამოთლილი. მარტივი სახელოსნო ლოგიკით და შრომის ეკონომიის კუთხით, გაცილებით იოლია გასუფთავებული მრგვალი, ან კვადრატული მორის სვეტად დაყენება, ვიდრე ერთიანი მორისგან მართკუთხა კვეთის ტრაპეციის ამოჭრა. ამას უფრო განიერი/დიდი ხე და მეტი შრომა ჭირდება, მით უფრო, თუ ბუღაური და სვეტი ერთიან სხეულს წარმოადგენს
იგივე შეიძლება ითქვას ქვისგან გამოთლილ, მართკუთხა კვეთის უძველეს T- სვეტებზე. გობექლი თეფეს უმეტესი ქვის სვეტები 3-6 მ-ის სიმაღლისაა და 10-30 ტონას იწონის. მათი სვეტისთავიანად ერთიანი მასისგან გამოთლა, გადატანა და დაყენება გაცილებით ძნელი იქნებოდა, ვიდრე ცილინდრული, ან კვადრატული კვეთის ნაწილების დამზადება და სამშენებლო ადგილზე აწყობა.

როგორც ხის, ასევე ქვის სვეტების გვერდითი სიბრტყე განიერ მხარესთან შედარებით ერთიორად თხელია. როგორც ხის, ასევე უძველესი ქვის სვეტების უმეტესობა შემკულია კოსმოგონიურ, საკრალურ მნიშვნელობის სიმბოლოებით/ნახატებით. აღსანიშნავია, რომ კავკასიიდან პამირამდე მსგავსი სიმბოლოები და ფორმებია გავრცელებული5. T (ტაუ)- სიმბოლო უძველესი დროიდან მოდის და სხვადასხვა დროში, კულტურებში, თუ ხალხებში მსგავსი მნიშვნელობებით გვხვდება6. ვინაიდან T-სებრი ფორმის მართკუთხა-ტრაპეციული სვეტები ნაკლებად ჯდება პრაგმატულ სამშენებლო ლოგიკაში, ვფიქრობთ, რომ იგი დამახასიათებელი სიმბოლური მორთულობით საერთო, უძველეს საკრალურ ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ეს დამახასიათებელი მსგავსებები ახლანდელი ხის სვეტების უძველეს ქვის ანალოგებთან კავშირს გვაფიქრებინებს.

ქართული ორდედაბოძიან-გვირგვინიანი დარბაზების გადაწყვეტის „არაპრაგმატულობის“ კიდევ ერთი მაგალითი გვირგვინის მოწყობას უკავშირდება, ორი მიზეზის გამო: 1. გვირგვინის საფეხურეობრივად დასაწყობად გამოყენებულია მსხვილი ხის ძელების დიდი რაოდენობა. იგივე ფორმის მიღწევა შეიძლება ირიბად დაყენებულ ძელების შეკვრით და მათზე გადახურვის მოწყობით, რაც ნაკლებ შრომას და მასალას მოითხოვს; 2. გვირგვინი თავხეებს დედაბოძსა და კედლებს შორის, შუა წელზე ეყრდნობა, რაც თავხის კვეთის გაზრდას იწვევს, გვირგვინის დაწოლას რომ გაუძლოს. უფრო მარტივი იქნებოდა გვირგვინის 4 სვეტზე (რისი მაგალითებიც ოდითგანვე არსებობს) ან დედაბოძებსა და კედელს შორის დასმა. ეს ფაქტორებიც გვაფიქრებინებს, რომ გვირგვინის ამდაგვარ კონსტრუქციასაც ხელშეუხებელი ტრადიციული, საკრალური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.

არსებობს გობექლი თეფესა და ნევალი ჩორის სქემატური რეკონსტრუქციის ნიმუშები, თუმცა ვფიქრობთ, რომ ნაგებობათა ასეთი განვითარებული სამშენებლო კულტურისთვის შეუსაბამოდაა გააზრებული. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ საქართველოში (სამხრეთ კავკასიაში, პამირში) გავრცელებული დედაბოძიან-გვირგვინიანი სახლები, მათი ისტორია, ასევე უძველესი და უმდიდრესი ეთნოგრაფიული მასალა მეცნიერთა საერთაშორისო ფართო წრისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რადგან უმეტესი სამეცნიერო შრომები რუსულად, ან ადგილობრივ ენებზეა გამოცემული.

გობექლი თეფესა და ნევალი ჩორიში კედლის გასწვრივ თაროებია მოწყობილი, რომელთა მსგავსი რიგ თანამედროვე გვირგვინიან სახლებშიც გვხვდება. არსებით სხვაობას პერიმეტრალურებთან შედარებით ცენტრალური ქვის T-სვეტების აღმატებული სიმაღლე წარმოადგენს, რაც თანამედროვე გვირგვინიან შენობებში არ გვხვდება7.
ორივე ადგილი გაურკვეველი მიზეზების გამო მიატოვეს. გობექლი თეფე მიტოვებამდე მიწით ამოავსეს. დასახლების მოულოდნელი და ამოუხსნელი მიტოვების მაგალითები მსოფლიო ისტორიაში სხვაც ბევრია8.
გობექლი თეფესა და ნევალი ჩორიში გადახურვის ნაშთები არაა შემორჩენილი, რაც მეცნიერებს საგონებელში აგდებს. ვვარაუდობთ, რომ გადახურვის კონსტრუქცია (თავხეები და გვირგვინი) მანამდე აქ მკვიდრმა ხალხმა ახალ ადგილზე გადაიტანა. ამის საბაბს გვაძლევს ქართული (კავკასიური) ეთნოლოგიური მასალა, რომლის თანახმად, სახლეული (ქორი, ოჯახი) საცხოვრებელ ადგილს იცვლიდა, გარკვეული რიტუალს ატარებდა და წინაპრებთან და ფუძესთან უწყვეტობის ნიშანად9 ახალ ადგილზე გადაჰქონდა უმეტესად დედაბოძი/დედაბოძები, კერიის წმინდა ცეცხლთან ერთად. ასევე გადაჰქონდათ თავხე, ან გვირგვინი (შესაძლოა ოთხივე ერთად)10.
T-სვეტების ზედა სიბრტყეზე შემორჩენილი მართკუთხა, ღრმა ნაჭდევები თუ ჯამისებრი ღრმულები მოწმობს, რომ ისინი კონსტრუქციების სხვადასხვანაირად დასაყრდნობად, მოსაჭიდებლად ან დასაკავშირებლად იყო განკუთვნილი. მათი განლაგების დაზუსტების გათვალისწინებით გადახურვის წარმოდგენა მეტი სიზუსტითაა შესაძლებელი.
ჩვენს ხელთ არსებული არქეოლოგიური/მეცნიერული მონაცემების, გვირგვინიან შენობებთან მსგავსებების გათვალისწინებით და რეკონსტრუქციის არსებულ სქემებზე დაყრდნობით, გავიაზრეთ ჯერ მართკუთხა გეგმის ნევალი ჩორისა და შემდგომ, წრიული გობექლი თეფეს სტრუქტურები. ორივეს ქვემოთ წარმოგიდგენთ.
ამან საშუალება მოგვცა მათი სქემატური რეკონსტრუქციის ჩვენეული ვარიანტები შეგვემუშავებინა და გვევარაუდა, რომ შესაძლებელია ნევალი ჩორის და გობეკლი თეფეს ნაგებობებს გვირგვინიანი გადახურვა ჰქონოდათ და ამ ტრადიციიდან უნდა მომდინარეობდეს ქართული/კავკასიური, ირანული და პამირული გვირგვინიანი საცხოვრებლები.

მოყვანილი მოსაზრებები კავკასიიდან პამირამდე დღემდე გავრცელებულ დედაბოძიან-გვირგვინიან სახლებსა და ჩვენს ერამდე X-IX ათასწლეულის ნაგებობების შორის სავარაუდო ნათესაური კავშირის წარმოჩენის პირველი მცდელობაა. ვფიქრობთ, ამ მეტად საყურადღებო საკითხების დაზუსტებას საერთაშორისო დარგთაშორისი პროფესიული კავშირები და შემდგომი ერთობლივი კვლევა ჭირდება.

დაზუსტებები და გამოყენებული ლიტერატურა:
1. დედაბოძიან-გვირგვინიან-ერდოიანი დარბაზული ნაგებობებში გვხვდება: ერთ, ორ, სამ, ოთხ დედაბოძიანი დარბაზები; გვირგვინი კედლების გასწვრივ ხის სვეტებზე ყრდნობით; სხვადასხვა სიმაღლის, წახნაგების რაოდენობის გვირგვინები; კედლების გასწვრივ თაროებით, ან წალოებით (თაღჩებით) კედლებში და სხვა.
2. დარბაზულ-გვირგვინიანი ტიპის ნაგებობების, მათ წარმოშობის, სიმბოლიკის, გავრცელების არეალის და კავშირების შესახებ დიდი მასალაა გ.ჩუბინაშვილის, ფ.ბაუმჰაუერის, გ. ჩიტაიას, ლ.სუმბაძეს, თ.ჩიქოვანის, მ.ანდრეევის, ალ.ჯავახიშვილის, ლ.ღლონტის, გ.ყიფიანის, ს.ლეჟავას და სხვა მრავალთა კვლევებში.
3. The Tepe Telegrams https://tepetelegrams.wordpress.com/
4. დათვი – ვარსკვლავი, რომელსა ზედა ბრუნვენ ცანი. „სიტყვის კონა“, სულხან-საბა ორბელიანი
5. ამ გამოსახულებების მნიშვნელობები და წარმომავლობა ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს. აქვე აღვნიშნავთ, რომ მათი კავშირი ციურ მნათობებთან გასაკვირი არ უნდა იყოს. თავად გვირგვინი ზეცის სიმბოლოდაც მოიაზრებოდა. ერდოს საშუალებით ხდებოდა ცაზე უწყვეტი დაკვირვება, უზენაესთან კავშირი, დროის და ამინდის განსაზღვრა, მკითხაობა/მისნობა და სხვა.
6. T- სიმბოლოს მნიშვნელობები: გობექლი თეფე, ნევალი ჩორი, კარაჰან თეფე, სხვა – T-სვეტები; ალაჩაჰუიუქის ბარელიეფი – სამსხვერპლო (?); სამხრეთ ამერიკა – სიცოცხლის ხე; ირლანდია – ქვის T -ჯვრები; ჩინეთი – სარიტუალო მოსასხამი სიცოცხლის ფაზების სიმბოლოებით; მასონები – სოლომონის ჰექსაგრამა და თქმულება ჰირამზე, სოლომონის ტაძრის ხუროთმოძღვარზე; ძველი ეგვიპტე – ანქხ (სიცოცხლე); ძველი აღთქმა – შუბლზე გამოსახული (იეზეკიელი, ქენიტები); მათემატიკური -ოქროს კვეთი, წრის პერიმეტრის რადიუსთან შეფარდება (2π); სიცოცხლე (სიცოცხლის ხე); გარდასახვა (რეინკარნაცია); სიბრძნე; ბერძნული და ებრაული ანბანის ასო; ჯვრის ნაირსახეობა; ადიღეელთა სიმბოლო – ადიღე ჰაბზე; დარბაზული საცხოვრისების (ერთობის სახლი, საქ.) საყრდენი სვეტები (კავკასიიდან პამირამდე) – დედაბოძი საქართველოში, (ოჯახის) ფუძის/ფესვის სვეტი დაღესტანში, ავარიელებში; სხვა.
7. შესასწავლია ამდაგვარი კონსტრუქციის კავშირი საკულტო ნაგებობების გვირგვინიან-გუმბათიან ტიპებთან.
8. უეცარი გადასახლების/აყრის შესაძლო მიზეზის ახსნა ქართულ/კავკასიის (შესაძლოა სხვაგანაც) ფოლკლორში შემორჩენილ იმ გადმოცემებში ამოვიკითხოთ, რომლებშიც მოთხრობილია ხატის (ადგილის დედის) მიერ სხვადასხვა მიზეზით ჩვეული ადგილის დატოვების (გადასახლების) შესახებ, რასაც ხალხის (რჩეულების) აყრა და მის კვალდაკვალ, გადასახლება მოჰყვა.
„ქართული მითოლოგია, ჯვარი და საყმო“, ზ.კიკნაძე, ქუთაისი, 1996 წ.;
9. წინაპრებთან კავშირის და პატივისცემის სხვა ტრადიციის ნიშანი გვხვდება გობექლი თეფეში, სადაც ადამიანების თავების შენახვა დასტურდება. ეს რიტუალი მომდევნო დროშიც გვხვდება, კერძოდ სხვადასხვა აღმსარებლობის მონასტრების საძვალეები პატივით შენახული თავის ქალების სახით. ჯავახეთში დასტურდება დედაბოძის ნიმუში, რომელშიც წინაპრების სიბრძნის კბილები იყო ჩასმული. (ეს ტრადიციაც ცალკე შესწავლის საგანია).
10. დედაბოძის გადატანა – Аркадий Гольдштеин, “Башни в Горах”, Советcкий Художник, Москва, 1977, გვ 87-88;
გვირგვინის გადატანა – ს.ლეჟავა, „თრიალეთის ტრადიციული საცხოვრისი – საგულისხმო კულტურული მემკვიდრეობა“, ძველი ხელოვნება დღეს, 04.2013

მთავარი სურათი: ლონგინოზ სუმბაძის გრავიურა

Comment

Your email address will not be published.