სიდარიუმი – ფლორის გენეტიკური ინფორმაციის ბანკი გრანდ კანიონზე. გრძივი ჭრილი

Seedarium - Flora Genetic Information Conservation Bank in the Grand Canyon, AZ. Longitudinal Section

მის ვან დერ როეს გამოსახულება მაქკორმიკის სახელობის სტუდენტური ცენტრის შესასვლელზე. არქიტექტორი: OMA

Mies Van der Rohe's Portrait on the entrance of McCormick Tribune Campus Center. Architect: OMA

ქრაუნ ჰოლი ღია კარის გამოფენისას

Crown Hall during the Open House Exhibition

ქრაუნ ჰოლი, მაგისტრების სტუდიის ნაწილი

Crown Hall Master's students studio space

კოლუმბიის კოლეჯის პერფორმანსის ხელოვნების ცენტრი. კონცეფციის კოლაჟი

Columbia College Performing Arts Center. Concept collage

ზებრა მოლუსკის შემსწავლელი ცენტრი სკეიტპარკით. მაკეტი.

Zebra Mussel (dreissena polymorpha) Research Center and Skate Park. Model

ზებრა მოლუსკის შემსწავლელი ცენტრის წყლის გაფილტრვის სისტემა

Zebra Mussel Research Center Water filtration system

ზებრა მოლუსკის შემსწავლელი ცენტრი, ლაბორატორიის ინტერიერი

Zebra Mussel Research Center Lab interior

დიპლომების გადაცემის ცერემონია, არქიტექტურის კოლეჯის დეკანი ბატონი ვილ არეტსი და რუსუდანი.

College of Architecture dean Mr. Wiel Arets and Rusudan on Commencement ceremony

ბაკალავრის სადიპლომო პროექტის მზადების პროცესი

Bachelor's thesis preparation process

ეს ინტერვიუ არის სერიიდან “ქართველი არქიტეტორების შემდეგი თაობა”

-რატომ აირჩიე არქიტექტურა?

-ორი თაობის არქიტექტორების ოჯახში გავიზარდე და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რამდენად დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება პროფესიის არჩევისას. ალბათ გარემომ ძალიან იმოქმედა. მახსოვს, პატარა ვიყავი, ბაბუაჩემმა თავის საპროექტოში, “საქსოფლპროექტში” მიმიყვანა და უზარმაზარი მაკეტები მაჩვენა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ერთ დღეს მეც გავაკეთებდი მსგავს რამეს.

სახლში ყოველთვის შემოქმედებითი გარემო იყო. მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, სხვადასხვა უნარები განევითარებინათ ჩვენში. საქმე საქმეზე რომ მიდგა, გადავწყვიტე, რომ არქიტექტურული განათლება იმდენად უნივერსალურია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოოდ არქიტექტორობა არ მომინდებოდა, ბევრი სხვა პროფესიით შევძლებდი მუშაობას.

-შენ სწავლობდი სამ სხვადასხვა არქიტექტურულ სკოლაში. რომელი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ? შეგიძლია თუ არა მათი შედარება?

-სამივე სკოლამ სხვადასხვა როლი შეასრულა. სტუ–ში ორი წლის განმავლობაში ვისწავლე და მგონი, არქიტექტურის ისტორია, ხატვა და არქიტექტურული გრაფიკა ავითვისე ყველაზე კარგად. ისეთი რამეებიც კი, რის მიმართაც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მოგვიანებით გამომადგა (სულ მეცინებოდა, აი, მაგალითად, ამორეცხვა რაში უნდა დამჭირდეს-თქო, მაგრამ დღეს იგივე პრინციპს ვიყენებ, ოღონდ ფოტოშოფში).

მესამე წელს ვილნიუსის ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავედი და აღმოვაჩინე, რომ პროექტირების თითქმის არაფერი ვიცოდი. ჩემი ჯგუფელები საკმაოდ დამოუკიდებლად მუშაობდნენ, ლექტორებს აზრს თავისუფლად უზიარებდნენ, საინტერესო დისკუსიებს მართავდნენ… საკმაოდ კონკურენტული გარემო იყო; ის, რაც ქართველ სტუდენტებში არ ითვლება პრესტიჟულად – ლექციაზე აქტიურობა, კითხვების დასმა, საკუთარ პროექტზე ლაპარაკი და აზრის გამოკითხვა, – იქ პირიქით, აუცილებელი იყო. ამის გამო ჯგუფელებისგანაც კი ძალიან ბევრი ვისწავლე. კონკურენტული და დაძაბული გარემო განუწყვეტელ შრომას გვაიძულებდა, ხოლო ლექტორების მეგობრული დამოკიდებულება გვეხმარებოდა, იდეები თავისუფლად გაგვეზიარებინა და კრიტიკის მიმართაც უფრო გახსნილები ვყოფილიყავით.

ლიტვაში ჩემთვის ყველაზე დიდი გარდატეხა მოხდა – საგნებთან ერთად კომპიუტერული პროგრამების ერთ სემესტრში ათვისება მომიწია, რაც თავიდან ძალიან გამიჭირდა. აღმოვაჩინე, რომ კონკურენცია მყვარებია და მოტივაციაში მეხმარება, და ბოლოს დიპლომის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი დაცვა მქონდა მთელს კურსზე.

ილინოისის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მაგისტრატურის პროგრამა არქიტექტურის ტექნიკურ ასპექტზეა აგებული, თუმცა კონცეპტუალურ და ესთეტიკურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ კოლეჯში მასწავლეს, რომ შენობა არ უნდა დავყო არქიტექტურული, კონსტრუქციული და მექანიკური სისტემების ნაწილებად, არამედ ისეთ გადაწყვეტას უნდა მივაგნო, სადაც ყველაფერი ინტეგრირებულია. პროექტირება ბევრად უფრო საინტერესო და აზარტული გახდა.

-რამდენად იგრძნობა დღეს ჩიკაგოს Institute of Technology-ში  მის ვან დერ როეს სული? როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება?

-მის ვან დერ როეს ინსტიტუტის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მას შემდეგ, რაც არქიტექტურის კოლეჯის ხელმძღვანელად დაინიშნა, კოლეჯის პროგრამა შეიმუშავა, რომლის დიდ ნაწილსაც დღემდე იყენებენ. გარდა ამისა, ქემფუსის გენ–გეგმა და შენობების დიდი ნაწილი მისი დაპროექტებულია. IIT-ს ქემფუსზეა პირველი შენობა, რომელიც მისმა შტატებში ააშენა (Minerals and Metals. დღეს იქ არქიტექტურის კოლეჯის სტუდენტების სახელოსნოა მაკეტების და ავეჯის ასაწყობად. იქ ყველაფერია ხერხებიდან დაწყებული ციფრული მოწყობილობით და 3დ პრინტერებით დამთავრებული), ერთად–ერთი რელიგიური შენობა (სტუდენტები God Box–ს ეძახიან, შავი კუბია მინიმალისტური ინტერიერით), რამდენიმე სტუდენტური საცხოვრებელი, სხვადასხვა ფაკულტეტის შენობა და რა თქმა უნდა, ქრაუნ ჰოლი, სადაც არქიტექტურის კოლეჯია განთავსებული.

მისის გავლენა ახალ შენობებშიც დიდია; SOMის რამდენიმე შენობა ქრაუნ ჰოლის იმიტაციითაა დაპროექტებული, ჰელმუტ იანის სტუდენტური საცხოვრებელი მინიმალური მიდგომით და რემ კოოლჰაასის სტუდენტური ცენტრი მისის უზარმაზარი პორტრეტით შესასვლელზე… კაფეტერიაში მის ვან დერ როეს ცნობილი ფრაზა “Less is More“ არის ორაზროვნად გამოკრული, და პატარ–პატარა კაფეებში Mies Van der Roast ყავა შეგიძლიათ დალიოთ… ყველგან მისს ვხედავდი, ასე რომ, მისი დავიწყება არც ისე ადვილი იყო. რომც დამვიწყებოდა, ტურისტების უზარმაზარი ჯგუფები ან მოწვეული ლექტორები აუცილებლად შემახსენებდნენ, რა მნიშვნელობის ადგილას ვსწავლობდი.

ქემფუსზე პირველად რომ მოვხვდი, საშინლად წვიმდა და მეჩქარებოდა. პირველი ორი კვირა სულ წინ და უკან დაგვარბენინებდნენ, ამიტომ პირველი რეაქცია რა მქონდა, ვერც გავიგე. ნელ–ნელა დავაფასე გარემო, და განსაკუთრებით ქრაუნ ჰოლი.

ქრაუნ ჰოლში ყველა სტუდენტს საკუთარი კუთხე აქვს გამოყოფილი და დილიდან ღამის 2 საათამდე (ხშირად მთელი ღამეც) იქ ვმუშაობდით. ერთად ერთი შენობაა ქემფუსზე, სადაც ხალხს სულ ნახავთ. ინტერიერი სულ იცვლება, სეზონების და დღის სინათლის მიხედვით სხვადასხვა სივრცე იქმნება. დღისით ძალიან ხალხმრავალი და ხმაურიანია, სტუდენტებით და ტურისტებით დატვირთული, საღამოს კიდევ სიწყნარეა, (ხშირად ძალიან დაძაბული სიწყნარე). ქვედა სართულზე ტახტებზე სულ ვიღაცას ძინავს, მითუმეტეს სემესტრის ბოლოსკენ… ბევრს არ უყვარდა იქ მუშაობა, იმიტომ რომ მთელი სართული გახსნილია და ყველა ასაკის სტუდენტი ერთ სივრცეში მოძრაობს, მაგრამ მე ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ ეს გახსნილობა ურთიერთობას აადვილებს. შეგიძლია სხვადასხვა კურსების სტუდენტებს ჩამოუარო, ნამუშევრები ნახო, პროექტებზე, მაკეტებზე და იდეებზე ელაპარაკო უცნობებს… სემესტრის ბოლოსთვის მაგიდებზე მაკეტების გორები დგება, სტუდენტები კონსტრუქციის პროექტებისთვის უზარმაზარ ინსტალაციებს დგამენ, ალაგ–ალაგ ქანდაკებები და ფოტოები ჩნდება. გარემო ძალიან შემოქმედებითია.

-ახლა შენ დიპლომი დაიცავი და სწავლა დაამთავრე. ვის თვლი ამ ეტაპზე  შენს მთავარ მასწვლებლად? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შენი მასწავლებლებისგან ისწავლე?

-ესე გამოყოფა არაა ადვილი, მაგრამ იყო რამდენიმე ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში: თბილისში მარინა ივანიშვილია ასეთი, ვისთანაც ჯერ ხატვაზე და მერე ძერწვაზე დავდიოდი. მარინა მოცულობით აზროვნებას მასწავლიდა და თან თავის საინტერესო ფილოსოფიას მიზიარებდა სხვადასხვა მოვლენებთან მიმართებაში.

მეორე მასწავლებელი ჩიკაგოში ერთ–ერთი სტუდიის ხელმძღვანელი, ლუკას კოვალჩიკია. ლუკასთან ძილის ცენტრის პროექტზე ვმუშაობდი ერთი სემესტრის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე თვეები აღმოჩნდა მისი მომთხოვნი ხასიათის გამო, ძალიან ბევრი მასწავლა. პროექტში უამრავი შეზღუდვა გვქონდა შენობის სპეციფიური მოთხოვნების გამო, მაგრამ ის მაინც ახერხებდა პოეტური მხარე ეპოვნა და კონცეფციის მნიშვნელობისთვის ხაზი გაესვა, დაწყებული სულ თავიდანვე, როდესაც აბსტრაქტული სიზმრებისთვის მატერიალურობის მიცემა მოგვთხოვა, დასრულებული კვანძების გამოხაზვამდე. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ დავიწყე სხვადასხვა დარგების ინტეგრირებაზე ფიქრი.

და ბოლოს, ჩემი მშობლები (რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს), რომლებიც ყველაზე ობიექტურები და კრიტიკულები იყვნენ, რაც მაიძულებდა მეტი მემუშავა ჩემს თავზე.  რამდენიმე რამეა, რაც მასწავლეს და რაც ძალიან მეხმარება: პირველი – ყოველთვის ვეცადო ვიპოვნო სიამოვნება იმაში, რაც მაინც ჩემი გასაკეთებელია. მეორე – სხვების კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ არაფრისმომტანი; მაგას ჯობია, საქმით ვაჩვენო, რა ჯობია. მესამე – რაც არ უნდა კარგი იდეა გქონდეს, თუ კარგად არ შეფუთე, არავინ მიაქცევს ყურადღებას. და ბოლოს – ვცდილობ ყოველთვის მქონდეს გეგმა „ბ“.

-კარგი პრინციპებია! როგორი უნდა იყოს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამოკიდებულება უმაღლეს სასწავლებელში?

-აუცილებლად მეგობრული! სტუდენტებს, მითუმეტეს პირველ–მეორე კურსელებს, ძალიან უჭირთ აზრის გამოხატვა და უცხოსთვის გაზიარება, იმიტომ რომ არ არიან დარწმუნებულები, რამედ ვარგა თუ არა ის, რაც თავში მოსდით. არადა ამ დროს ყველა დიდი ოსტატის შენობა პირადი გამოცდილებებით და წვრილ–წვრილი ისტორიებითაა შთაგონებული – რა ნახე, როგორ იგრძენი თავი, რამ დატოვა დიდი შთაბეჭდილება, რას შეცვლიდი….

როდესაც მასწავლებელი ზემოდან გიყურებს და თავის არსებობას გამადლის, არა მგონია, პროგრესულ შედეგამდე მიხვიდე. ყველაზე მეტი იმ ლექტორებისგან მივიღე, რომლებიც მიყურებდნენ როგორც შედარებით ნაკლებად გამოცდილ კოლეგას. აუცილებელია, რომ თავს თავისუფლად გრძნობდე, რომ გაიხსნა და იდეები გამოხატო; ხშირად ის იდეები, რომლებიც ყველაზე სასაცილოდ და აბსურდულად მეჩვენებოდა (მაგალითად, მთელი შენობის მთვარეულების ჩვევების მიხედვით დაპროექტება), საბოლოო კონცეფციად იქცნენ, იმიტომ რომ ლექტორებმა, რომლებსაც მეტი გამოცდილება და განვითარებული ხედვა აქვთ, ბოლომდე მათქმევინეს, რაზე ვფიქრობდი.

-შენი საკურსო პროექტები ძალიან საინტერესოა, არა მარტო გადაწყვეტით, არამედ გრაფიკული თვალსაზრისითაც. ჩიკაგოში სწავლისას იყო თუ არა ხატვა ის, რაც შენ სხვა სტუდენტებისგან განგასხვავებდა?

-პირველ სემესტრში თითქმის არავინ ხატავდა; კომპიუტერული რენდერები, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე იყო. გამიმართლა, რომ ჯონ დესალვოს სტუდიაში მოვხვდი. ჯონი თურმე არქიტექტურული ესკიზების ხატვას ასწავლიდა ბაკალავრებს და თან ქალაქების არქიტექტურული გიდების ილუსტრაციებზე მუშაობდა. შუალედურის წინ მორიდებულად ვუთხარი, ესე მინდა რენდერები გავაკეთო-თქო. ძალიან გაეხარდა და წამაქეზა, ეს კომპიუტერულსაც ჯობიაო. ალბათ ჯონს უნდა ვუმადლოდე, რომ მერე ამდენი გრაფიკული ექსპერიმენტი ვატარე და თავდაჯერებულობა მომემატა.

სტუდენტებში დიდი მითქმა–მოთქმა გამოვიწვიე; უცხო ტიპებიც მოდიოდნენ, შენს ჩანახატებს ფოტოებს გადავუღებო. ბევრმა მთხოვა, ტექნიკა მესწავლებინა და მოგვიანებით ბევრმა დაიწყო კურსზე ხატვა… გარდა „შინაურებისა“, მოწვეული კრიტიკოსებისგან ძალიან დადებითი რეაქცია მოდიოდა, ყველა მაქებდა, რომ მსგავს ინსტიტუტში, სადაც ყველაფერი ტექნიკასა და ტექნოლოგიაზეა აგებული, მე თვითგამოხატვის ასეთი ხერხი ვიპოვნე.

მინდა ეს შანსი გამოვიყენო და აქაურ დამოკიდებულებაზე მოგიყვეთ არქიტექტურული გრაფიკის მიმართ: არქიტექტურის კოლეჯის პროფესორებს, უკლებლივ ყველას მიაჩნიათ, რომ რეალისტური რენდერები, რაც ქართველებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, შენობას სიცოცხლეს ართმევს. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ (არქიტექტორები) არ ვართ უძრავი ქონების აგენტები, რომ ყველაფერი ხალიჩის ბუსუსების დონეზე ვაჩვენოთ; ჩვენთვის მთავარი სხვა პრიორიტეტები უნდა იყოს და ამდენი ენერგიისა და დროის ხარჯვა ფოტორეალისტურ რენდერებში აბსურდია.

-მეც ასე ვფიქრობ, მითუმეტეს როდესაც პროექტის რენდერებს ვხედავ, სადაც ხშირად საერთოდ არ არის ნაჩვენები გარემო, რომელშიც ეს ახალი შენობა უნდა იდგეს. შარშან „ჩიკაგოს ქალები არქიტექტურაში” პრიზით დაჯილდოვებულ შენს პროექტზე მოგვიყევი ორი სიტყვით

ჩემი პირველი პროექტი იყო, რაც IIT–ში გავაკეთე; მთელი კურსი ერთ თემაზე მუშაობდა – კოლუმბიის კოლეჯის პერფორმანსის ხელოვნების ცენტრი უნდა დაგვეპროექტებინა, რომელიც კოლეჯის ქემფუსის ცენტრიც უნდა ყოფილიყო. კლიენტი რეალური გვყავდა – კოლუმბიის კოლეჯის დეკანი, რომელმაც არსებული ინვენტარები დაგვათვალიერებინა, მოცეკვავეებს შეგვახვედრა და მოთხოვნები გაგვაცნო.

მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო – ჯერ მოცეკვავეებს ველაპარაკეთ. მერე სხვადასხვა სპეციალისტები მოდიოდნენ, – ზოგი საკონცერტო დარბაზის აკუსტიკურ მოთხოვნებს გვიხსნიდა, ზოგი განათების პრინციპებს, ზოგი კონსტრუქციების ან შენობის მოპირკეთების თავისებურებეს და სხვა სპეციფიურ მოთხოვნებს…

დეკანის წუხილის ერთ–ერთი მიზეზი იყო ის, რომ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ. ამიტომ ჩემი პროექტი ორი ნაწილისგან შედგებოდა, რომელიც დიდი შემინული მილით იყო დაკავშირებული. ერთ ნაწილში საცეკვაო დარბაზი იყო, მეორეში – სარეპეტიციო ოთახები, ხოლო დამაკავშირებელ მილში სხვადასხვა სტუდენტური ფუნქცია იყო განლაგებული, რაც საშუალებას იძლეოდა, სტუდენტები ერთმანეთში არეულიყვნენ. შენობის განლაგება და გარე საკონცერტო დარბაზი კი სამეზობლოს რთავდა კოლეჯის ღირსშესანიშნაობებში.

პროექტმა ძალიან დადებითი გამოხმაურება მიიღო და ფონდმა „ჩიკაგოს ქალები არქიტექტურაში“ დამაჯილდოვა. დაჯილდოების მერე ფონდის წარმომადგენლები მოდიოდნენ რიგ–რიგობით და მადლობას მიხდიდნენ, რომ მომაკვდავი ხელოვნება – ხელით ხატვა გამოვიყენე.

-ცოტა ხნის წინ ვაშინგტონ პოსტში დაიბეჭდა ფილის რიჩმანის პასუხი 52 წლის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მიღებულ წინადადებაზე, აეხსნა, თუ როგორ წარმოედგინა, ერთდროულად  ქალაქმგეგმარებლიც ყოფილიყო და მომავალი ქმრის და ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობაც ეტარებინა. მაშინ მან ამ დამამცირებელ კითხვას პასუხი არ გასცა. ახლა კი, ამ არაჩვეულებრივი წერილით გვაჩვენა, თუ როგორი იყო დამოკიდებულება იმ ახალგაზრდა ქალების მიმართ, რომლებიც “კაცისთვის ტიპიური პროფესიიის”  დაუფლებაზე ოცნებობდნენ. შენ საქართველოში, ლიტვაში და ამერიკაში სწავლობდი – გიგრძვნია თუ არა როდესმე არასერიოზული დამოკიდებულება პროფესორის მხრიდან მარტო იმიტომ რომ ქალი ხარ?

-ლიტვაში და ამერიკაში არაფერი მიგრძვნია. სამწუხაროდ, სტუ–ში იყო რამდენიმე ლექტორი, რომელიც გოგოებს სერიოზულად არ უყურებდა, ამათგან არქიტექტორი არ დადგება, მაინც გათხოვდებიან და სახლში ჩასხდებიანო. იმედია ნელ–ნელა ჩვენთანაც შეიცვლება დამოკიდებულება.

-შენი პორტფოლიოს თვალიერება ილუსტრირებული წიგნის კითხვასავითაა. ყოველ პროექტს ეტყობა, რომ შენ ძალიან სერიოზულად ფიქრობდი, რომ მუშაობის პროცესი შენთვის ხალისით სავსე იყო და მგონია, რომ ისე მსუბუქად და მხიარულად ხატავდი ყველა ამ ფურცელს, რომ თითქოს არასდროს არაფერი არ გაგჭირვებია. გქონია თუ არა ისეთი სასოწარკვეთილი დღეები, როცა გიფიქრია – ალბათ ჯობდა სხვა პროფესია ამერჩია? :)

-სწავლის მთელი პერიოდი სასოწარკვეთილებითაა სავსე – ჯერ ერთი, მარტო ფიზიკურადაა ძალიან რთული – სულ არჩევანს აკეთებ ჭამას და ძილს შორის. მქონდა სემესტრი, სადაც სამი თვის განმავლობაში ორ დღეში ოთხი საათი მეძინა ხოლმე და კინაღამ იქვე დავასრულე მოღვაწეობა. მერე ნელ–ნელა დროის მართვა ვისწავლე და ეხლა დიპლომი ისე დავიცავი, ერთი ღამეც არ გამითენებია.

მეორე, თვითონ შემოქმედებითი პროცესი, საკმაოდ სტრესულია – სულ ახალ–ახალი გამოწვევაა, რომელსაც მილიონი ცდის მერე სწორი გასაღები უნდა მოარგო. ალბათ ცოტა მაზოხისტურად გამომივა რომ ვთქვა, რომ ეს პროცესი მიყვარს ყველაზე ძალიან – ფიქრმა შეიძლება რამდენიმე კვირა გასტანოს, სანამ მიაგნებ კონცეფციას, რომელზეც ააგებ ყველაფერს. ამ დროს ხშირად ვღიზიანდები და საკუთარ თავში ვიკეტები ხოლმე, სანამ იმას არ აღმოვაჩენ, რაც მომეწონება და ეს აზრები ყველაზე მოულოდნელ დროს მოდის ხოლმე (ყველაზე ხშირად საშხაპეში). სამაგიეროდ, როგორც კი მივდივარ „ევრიკას“ მომენტამდე, მინდება გარშემო ვირბინო და ყველას ჩავეხუტო.

ვცდილობ, რომ მთელი პროცესის დროს ვხატო. სქეჩბუქი სულ დამაქვს და ნებისმიერი იდეის ილუსტრირებას ვიწყებ; ამბების გამოგონება მომწონს, ანტურაჟის ხალხსაც კი ყველას თავისი ისტორია აქვს, რაც მთლიანობაში განწყობის შექმნაში მეხმარება.

-რას მოგვიყვები სადიპლომო პროექტის შესახებ? ვინ იყო შენი ხელმძღვანელი? როგორი იყო მუშაობის პროცესი?

-პროექტზე მარტინ ფელსენთან ერთად ვმუშაობდი. მარტინს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ოფისი აქვს ჩიკაგოში (UrbanLab), სადაც ძირითადად ეკოლოგიაზე ორიენტირებულ პროექტებზე მუშაობენ.

მასთან ერთად ორი სემესტრი ვიმუშავე. დიპლომამდე ფილტრი–კუნძული დავაპროექტეთ ლანდშაფტის არქიტექტურის სტუდენტებთან ერთად; კუნძული ჩიკაგოს ლუპს აღმოსავლეთით ჰქონდა „მიდგმული“ და ჩიკაგოს მდინარეს ლანდშაფტის ფენების გავლით წმენდდა, სანამ მიჩიგანის ტბას შეუერთდებოდა. კვლევით ცენტრებსაც მოიცავდა, სადაც ილინოისის შტატის პარაზიტულ ჯიშებს იკვლევდნენ (ჩემი ცენტრი ერთ–ერთ მოლუსკს იკვლევდა, რომელიც თურმე შავი ზღვიდან მოდის).

ამავე სემესტრის დროს უნდა მოგვეფიქრებინა სადიპლომო თემა და კვლევა უნდა დაგვეწყო. როდესაც ერთ–ერთი სასოწარკვეთილი მომენტი მქონდა, ინტერნეტში შემთხვევით ნოეს კიდობნის ლამაზ ილუსტრაციას მივაგენი და მივხვდი, რომ მინდოდა პროექტი ეკოლოგიურ პრობლემებსა და გენეტიკური ინფორმაციის შენახვაზე გამეკეთებინა. მარტინს ველაპარაკე და მაშინვე მკითხა, თესლის ბანკზე რას ფიქრობო.

თესლის ბანკი სპეციალური დაწესებულებაა, რომელიც მსოფლიო ფლორის კონსერვაციითა და რეგენერაციით არის დაკავებული. ქალაქების ზრდის, მიწის ფუნქციის ცვლილების, გლობალური დათბობის და პარაზიტი მცენარეების გავრცელების გამო ფლორა ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას და მცენარის ჯიშები ისე სწრაფად ქრებიან, მათ კატალოგში შეტანასაც ვეღარ ასწრებენ. ამიტომ მოხალისეების უზარმაზარი ჯგუფები შექმნეს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში თესლებს აგროვებენ, აშრობენ და ბანკებში აგზავნიან, სადაც მეცნიერები თესლებს სწავლობენ და სპეციალურ საყინულეებში ყინავენ. ასე მეტაბოლიზმის პროცესი ჩერდება და ჯიშები სამომავლოდ ინახება.

მსოფლიოში დღეს რამდენიმე დიდი ბანკია, მაგრამ ეკოლოგიური ცვლილებების ტემპის გამო ბევრ ჯიშებს დროზე ვერ უსწრებენ შესანახად. ამიტომ სადიპლომო პროექტის პირველი ნაწილი ბანკების გლობალური ქსელის შექმნა იყო; ეს ქსელი სხვადასხვა მასშტაბის ბანკებისგან შედგება და მთლიანობაში ფლორის სარეზერვო კოლექციას ქმნის.

დიპლომის მეორე ნაწილი საერთაშორისო ბანკის პროტოტიპის დაპროექტება იყო. სექტემბრიდან დეკემბრამდე დამოუკიდებელ კვლევაზე ვმუშაობდი, სადაც უნდა დამედგინა ტექნიკური დეტალები და პრეცენდენტები გამომეკვლია. იანვრიდან მარტის ბოლომდე დიზაინის პროცესი მიდიოდა, ხოლო აპრილი მთლიანად პრეზენტაციის და მაკეტების მომზადებას დაეთმო.

პროექტმა კოლეჯის ჯილდო მოიპოვა, Masters Project Award of Excellence, და რამდენიმე ტურის გავლით ფინალისტებში აღმოჩნდა ძალიან პრესტიჟული სტუდენტური ჯილდოსთვის, რომელიც ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი გასცემდა.

-პრინციპში ნამდვილი სწავლა ახლა იწყება. როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება სტუდენტობის შემდეგ?

-ძალიან დიდი ინტერესით ველი, რა მოხდება უახლოეს მომავალში. ახლა ჩემთვის დიდი გარდატეხის პერიოდი იწყება – სტუდენტის სტატუსიდან სამუშაო სტატუსში გადავდივარ და მუშაობის უფლების მიღების პროცესში ვარ. ამ პერიოდში რამდენიმე წარმატებული გასაუბრება მქონდა და სამ დღეში ნიუ იორკში გადავდივარ.

მინდა, რომ რამდენიმე წელი აქ ვიმუშავო და მეტი გამოცდილება დავაგროვო. მგონია, რომ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი და მეტი გამოცდილებით საქართველოში მეტის ჩატანა და გაზიარება შემეძლება.

-შენი ბლოგი, სახელად კალეიდოსკოპისთვალებიანი ზებრა, ძალიან მომეწონა, გისურვებ წარმატებებს და ველი შენს ახალ გამარჯვებებს! იმედია, ნიუ იორკიდან გააგრძელებ ჩვენთან მეგობრობას. დიდი მადლობა ინტერვიუსათვის.

-დიდი მადლობა! მეც დიდ წარმატებას გისურვებთ ასეთ კარგ წამოწყებაში!

Comment

Your email address will not be published.

irina tsuladze

2.08.2013 22:34

ძალიან საინტერესო სტატიაა

Answer

    sopo paksashvili

    8.08.2013 12:09

    GOOD LUCK

    Answer

Nika Lekveishvili

17.11.2014 16:03

ჩვენი თაობის ყველაზე ნიჭიერი ქართველი არქიტექტორი

Answer