ვენეციის ქარტია წარმოადგენს ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებულ საერთაშორისოდ აღიარებულ ძირითად დოკუმენტს, რომელიც ადგენს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა კონსერვაციისა და რესტავრაციის მთავარ ღირებულებებს და მეთოდებს.

პრეამბულა
ძეგლებს, როგორც ხალხთა ასწლოვანი ტრადიციების ცოცხალ მოწმეებს, აწმყოში გადმოაქვთ წარსულის სულიერი გზავნილები. კაცობრიობა, რომელიც სულ უფრო მეტად აცნობიერებს ადამიანურ ღირებულებებს, ძეგლებში საერთო მემკვიდრეობას ხედავს და მომავალი თაობებისთვის მათ შენარჩუნებას საერთო პასუხისმგებლობად აღიქვამს. ის იღებს ვალდებულებას, მათ, მომავალ თაობებს, ძეგლები ავთენტურობის სრული სიმდიდრის დაცვით გადასცეს.

აქედან გამომდინარე, არსებითია, რომ ძირითადი პრინციპები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კონსერვაციას და რესტავრაციას უნდა განსაზღვრავდეს, ერთობლივადაა შემუშავებული და საერთაშორისო დონეზეა ფორმულირებული. იმავდროულად, ამ პრინციპების გამოყენება ყოველი ქვეყნის მიერ მისი საკუთარი კულტურის და ტრადიციების ჩარჩოებში უნდა მოხდეს.

1931 წელს მიღებულმა ათენის ქარტიამ, რომელშიც პირველად მოხდა ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბება, დიდი საერთაშორისო მოძრაობა გამოწვია, რომლის შედეგი ცალკეული ნაციონალური დოკუმენტები, იუნესკოს და აიკომის აქტივობა და “კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის” ჩამოყალიბება გახდა. გაზრდილმა ცნობიერებამ და კრიტიკულმა დამოკიდებულებამ სულ უფრო კომპლექსური და დიფერენცირებული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობამდე მიგვიყვანა. როგორც ჩანს, ათენის ქარტიის გადახედვის, გაღრმავების და უფრო ფართო და საფუძვლიანი ახალი დოკუმენტის შექმნის დრო მოვიდა.

ვენეციის ქარტია. პუნქტები 1-16
საერთაშორისო ქარტია ძეგლების და ანსამბლების კონსერვაციის და რესტავრაციის შესახებ (1964)

პარაგრაფი 1
ძეგლის ცნება მოიცავს როგორც ცალკეულ ძეგლს, ასევე ქალაქის ან სხვა დასახლების ანსამბლს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი კულტურის, მისი განმსაზღვრელი განვითარების ან რაიმე ისტორიული მოვლენის მოწმობას ასახიერებს. ეს ცნება ეხება არა მხოლოდ დიად შემოქმედებით შედევრებს, არამედ იმ მოკრძალებულ ნამუშევრებსაც, რომლებმაც დროთა მსვლელობისას კულტურული მნიშვნელობა მოიპოვეს.

პარაგრაფი 2
ძეგლთა კონსერვაცია და რესტავრაცია შეადგენს ერთიან დისციპლინას, რომელიც ყველა იმ მეცნიერებას და ტექნიკას იყენებს, რომელსაც წვილილი შეუძლია შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის კველევასა და შენარჩუნებაში.

მიზნები
პარაგრაფი 3
ძეგლთა დაცვის და კონსერვაციის მიზანია როგორც ხელოვნების ნიმუშის, ასევე ისტორიული დოკუმენტის შენარჩუნება.

კონსერვაცია
პარაგრაფი 4
ძეგლთა დაცვა საჭიროებს მათ გამუდმებით მოვლას.

პარაგრაფი 5
ძეგლთა შენარჩუნებას ყოველთვის ხელს უნდა უწყობდეს მისი გამოყენება საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. ეს სასურველია, მაგრამ დაუშვებელია ამის გამო ძეგლთა სტრუქტურის და გარეგნობის შეცვლა. საზოგადოებრივი მოთხოვნების განვითარება და ფუნქციის შეცვლასთან დაკავშირებული გზების დაგეგმვა და ნებართვის გაცემა მხოლოდ ამ საზღვრებშია შესაძლებელი.

პარაგრაფი 6
ძეგლის შენარჩუნებასთან ერთად იგულისხმება ასევე მის მასშტაბთან შესატყვისი ჩარჩოების შენარჩუნება. თუ კი შემორჩენილი გარემო ჯერ კიდევ არსებობს, ის შენარჩუნებულ უნდა იქნეს და აკრძალულია ყოველგვარი ახალი მშენებლობა, ყოველგვარი ნგრევა, ყოველგვარი გადაკეთება, რომელმაც ნაშენი მოცულობების ერთობლიობა და მრავალფეროვნება შეიძლება შეცვალოს.

პარაგრაფი 7
ძეგლი განუყოფელ კავშირში იმყოფება როგორც იმ ისტორიასთან, რომელსაც ის ასახვს, ასევე იმ გარემოსთან, რომელსაც ის ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ძეგლის ან მისი ნაწილების გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მისი გადარჩენის მიზნით ან თუ ამ აქტის გამართლება ეროვნული ან საერთაშორისო ინტერესების დაცვის გამო მოხდება.

პარაგრაფი 8
იმ ქანდაკების, მხატვრობის, ან დეკორატიული მორთულობის, რომელიც ძეგლის ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს, ძეგლიდან მოშორება მხოლოდ იმ შემთხევევაში შეიძლება, თუ ეს მისი შენარჩუნების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.

რესტავრაცია
პარაგრაფი 9
რესტავრაცია არის საშუალება, რომლმაც განსაკუთრებული ხასიათი უნდა შეინარჩუნოს. მისი მიზანია, ძეგლის ესთეტური და ისტორიული ღირებულების დაცვა და შენარჩუნება. ის ემყარება შემორჩენილი არსებული მასალის პატივისცემას და აუთენტურ დოკუმენტაციას. მისი საზღვარი იქ გადის, სადაც ჰიპოტეზა იწყება. თუ ესთეტური ან ტექნიკური მიზეზების გამო ისეთი ელემენტის აღდგენის აუცილებლობა ჩნდება, რომელიც არ ვიცით, როგორ გამოიყურებოდა, ეს ნამუშევარი არსებულისგან განსხვავებული და ჩვენი დროის ბეჭდის მატარებელი იქნება. რესტავრაციის ნაწილს წარმოადგენს არქეოლოგიური, ხელოვნების და ისტორიიული სამეცნიერო კვლევებისთვის წარმოებული მოსამზადებელი და პარალელურად მიმდინარე სამუშაოები.

პარაგრაფი 10
როდესაც ტრადიციული ტექნიკები არასაკმარისად გვევლინება, ძეგლის გასამაგრებლად შესაძლებელია ყველა იმ თანამედროვე კონსერვაციის და კონსტრუქციების ტექნიკის დახმარება, რომელთა ეფექტურობა მეცნიერულად დამტკიცებულია და პრაქტიკული გამოცდილებით დასაბუთებულია.

პარაგრაფი 11
გაფრთხილების საგანია ძეგლის შემადგენელი, ყველა ეპოქის დროს შეძენილი ელემენტი – რესტავრაციის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი სტილის დაცვა. როდესაც ძეგლი სხვადასხვა, ერთმანეთზე დადებულ შრეებს შეიცავს, მათი გაწმენდა და დამალული შრეების გამოჩენა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როდესაც მოშორებული შრე ნაკლებად ღირებულია, აღმოჩენილი კი განსაკუთრებული ისტორიული, სამეცნიერო ან ესთეტური მნიშვნელობის მატარებელი და თუ მისი არსებული მდგომარეობა ამ მოქმედებას ამართლებს. სადისკუსიო მდგომარეობის ღირებულების შესახებ დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება, თუ რა უნდა მოშორდეს, არ შეიძლება მხოლოდ ამ პროექტისთვის პასუხისმგებელი პირების მიერ იყოს მიღებული.

პარაგრაფი 12
ის ელემენტები, რომლებიც დაკარგული ნაწილების მაგივრად უნდა დაემატოს ძეგლს, მთლიანობას ჰარმონიულად უნდა შეერწყას და ორიგინალური ელემენტებისგან აშკარა განსხვავებას უნდა გვიჩვენებდეს, იმისთვის რომ რესტავრაციამ ძეგლის, როგორც ხელოვნებისა და ისტორიული დოკუმენტის ღირებულების ფალსიფიცირება არ მოახდინოს.

პარაგრაფი 13
დამატებები მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსათმენი, თუ ისინი ძეგლის ყველა დეტალის, მისი შემორჩენილი ჩარჩოების, მისი კომპოზციის წონასწორობის და მის გარემოსთან დამოკიდებულების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

დაცული არეალები
პარაგრაფი 14
დაცული არეალები განსაკუთრებული ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდნენ, იმისთვის რომ შენარჩუნდეს მათი მთლიანობა, გარანტირებული იყოს მათი გამაგრება და მათი ღირებულის შესაფერისი პრეზენტაცია. შენარჩუნების და რესტავრაციის სამუშაოები უნდა ემყარებოდეს ზემოთ მოყვანილ პუნქტებში აღწერილ ძირითად დებულებებს.

გათხრები
პარაგრაფი 15
გათხრები სამეცნიერო სტანდარტების შესაბამისად და იუნესკოს მიერ 1956 წელს ფორმულირებული არქეოლოგიური გათხრების საერთაშორისო პრინციპების დებულებებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს.
აუცილებელია არქეოლოგიური გათხრების არეალების კონსერვაცია და იქ ნაპოვნი არქიტექტურული ელემენტების და საგნების მუდმივი დაცვისთვის საჭირო ყველა ღონისძიების უზრუნველყოფა. ამის გარდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გაიოლდეს გათხრილი ძეგლის მნიშვნელობის განმარტება, ისე, რომ არ მოხდეს მისი სახის ფალსიფიცირება.
ყოველგვარი რეკონსტრუქცია თავიდანვე უნდა იყოს გამორიცხული, შესაძლებელია მხოლოდ ანასტილოზის განხილვა, რაც ნიშნავს ერთი მთლიანი, მაგრამ დანაწევრებული ობიექტის არსებული ნაპოვნი ნაწილების შეკავშირებას. ახალი შემაკავშირებელი ელემენტები ხილული უნდა იყოს და მინიმუმამდე დაყვანილი, იმდენად რამდენდაც ისინი მხოლოდ ობიექტის ფორმის საჩვენებლადაა აუცილებელი.

დოკუმნეტაცია და პუბლიკაცია
პარაგრაფი 16
კონსერვაციის, რესტავრაციის და არქეოლოგიური გათხრების ყველა სამუშაოს წინ უნდა უძღოდეს ზუსტი დოკუმნეტაცია ანალიტიკური და კრიტიკული დასკვნების სახით, ნახატების, ნახაზების და ფოტოების თანხლებით. სამუშაოთა ყველა ფაზა უნდა იყოს აღწერილი: განშრევება, გამაგრება, აღდგენა და ინტეგრირება, ისევე როგორც ამ სამუშაოების დროს წარმოჩენილი ტექნიკური ან ფორმალური ელემენტები. ეს დოკუმენტაცია შესაბამისი საჯარო ორგანიზაციის არქივში უნდა ინახებოდეს და მეცნიერებისთვის მისაწვდომი უნდა იყოს. რეკომენდირებულია მასალების გამოქვეყნება.

ქარტიის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს და ხელს აწერენ:

Piero Gazzola, იტალია.
Raymond Lemaire, ბელგია.
Jose Bassegoda-Nonell, ესპანეთი.
Luis Benavente, პორტუგალია.
Djurdje Boskovic, იუგოსლავია.
Hiroshi Daifuku, UNESCO.
P.L de Vrieze, ჰოლანდია.
Harald Langberg, დანია.
Mario Matteucci, იტალია.
Jean Merlet, საფრანგეთი.
Carlos Flores Marini, მექსიკა.
Roberto Pane, იტალია.
S.C.J. Pavel, ჩეხოსლოვაკია.
Paul Philippot, ICCROM.
Victor Pimentel, პერუ.
Harold Plenderleith, ICCROM.
Deoclecio Redig de Campos, ვატიკანი.
Jean Sonnier, საფრანგეთი.
Francois Sorlin, საფრანგეთი.
Eustathios Stikas, საბერძნეთი.
Gertrud Tripp, ავსტრია.
Jan Zachwatowicz, პოლონეთი.
Mustafa S. Zbiss, ტუნისი.

სურათი: არქიტექტორ ლეო ხიმშიაშვლის არქივიდან

Comment

Your email address will not be published.