თბილისის მარცხენა სანაპიროს ხედი. 1930-იანი წლები

View of the left bank of Tbilisi. 1930s

თბილისის გერმანული კოლონიის გეგმა. 1884. სეასცა 1726-1-343-2

Plan of Neu-Tiflis, 1884. CHAGNA 1726-1-343-2

თბილისის გერმანული კოლონიის გეგმის ნაწილი ბაღებისთვის განკუთვნილი ტერიტორიების ზომებით. სეასცა 1726-1-343-3

Detail plan Neu-Tiflis, 1884. CHAGNA 1726-1-343-3

მიხეილის ქუჩა. ნოი-ტიფლისი. საფოსტო ბარათი

Mikheil Street (Neu-Tiflis). Post card

ვეტცელის სასტუმრო და თეატრი მიხეილის გამზირზე, 1897-1900. არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი. საფოსტო ბარათი

Wetzel’s Hotel and Theatre on Mikheil Avenue. 1897-1900. Architect Leopold Bielfeld. Post card

თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია. 1893-1897. არქიტექტორი ოტო იაკობ სიმონსონი და ლეოპოლდ ბილფელდი. საფოსტო ბარათი

Evangelical-Lutheran Church of Sts Peter and Paul, Neu-Tiflis, 1893-1897. Architects: Otto Jakob Simonson und Leopold Bielfeld. Post card

2015-2017 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა იმ გერმანელთა ისტორიისა და მრავალფეროვანი არქიტექტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო შესწავლა, ვინც საქართველოში ორ ათეულზე მეტი დასახლება შექმნა და განავითარა.

პირველი გერმანელები საქართველოში 1817 წელს ჩამოვიდნენ და ამიერკავკასიაში თავიანთ პირველ დასახლებას მარიენფელდი დაარქვეს. ვჲურთემბერგელი შვაბების მიგრაცია რამდენიმე არსებითი მიზეზით იყო განპირობებული, რაც უშუალო კავშირში იყო მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან და რელიგიურ პრობლემებთან. 1820 წელს საქართველოში ექვსი გერმანული კოლონია იყო – მარიენფელდი, ნოი-ტიფლისი, ალექსანდერსდორფი, კატარინენფელდი, ელიზაბეტთალი და პეტერსდორფი; დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი ორი – ჰელენენდორფი და ანენფელდი. გერმანული კოლონიების დაარსება გაგრძელდა და შეიქმნა ფროიდენტალი, ალექსნადერსჰილფი, ბლუმენტალი, ასევე აფხაზეთში – გნადენბერგი, ნოიდრფი და ლინდაუ. მე-20 საუკუნეში კი დაარსდა გეორგსტალი, ტრაუბენბერგი, ვიზენდორფი, შტაინფელდი, ვალდჰაიმი, მარნაული, გრჲუნტალი, ჰოფნუნგსტალი, ტრაუბენტალი და როზენტალი.

ნოი-ტიფლისი 1818 წელს სოფელ კუკიის სიახლოვეს დაარსდა და იქ გერმანელი ოსტატ-ხელოსნები დაასახლეს. 1824 წელს ნოი-ტიფლისი, კუკია და ჩუღურეთი თბილისს მიაწერეს. კოლონია მტკვრის მარცხენა სანაპიროს პარალელურად, სწორხაზოვნად დაიგეგმა. მის მთავარ ქუჩასა, და აგრეთვე, აქ აშენებულ ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოს – დიდი მთავრის, მიხეილ რომანოვის სახელი ეწოდა (ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი). ამ უბნის ცენტრი გერმანელთა “კირხეს მოედანი” (ახლა კოტე მარჯანიშვილის მოედანი) იყო. აქ არსებული პატარა ეკლესიის ნაცვლად, რომელიც 1834 წელს გერმანელებისა და თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით აშენდა, 1894 წელს წმინდა პეტრესა და პავლეს დიდი ევანგელურ-ლუთერული ტაძრის მშენებლობა დაიწყო გერმანელი არქიტექტორის ოტო იაკობ სიმონსონის პროექტით. მშენებლობას ხელმძღვანელობდა აგრეთვე გერმანელი არქიტექტორი – ლეოპოლდ ბილფელდი. ეკლესია 1897 წლის 18 მაისს საზეიმოდ აკურთხეს. ეს ტაძარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობამ გერმანელ ტყვეებს დაანგრევინა. მანამდე კი, 1941-1942 წლებში საქართველოდან 20 423 გერმანელი ყაზახეთში გადაასახლეს.

დღეს, ნოი-ტიფლისის ყოფილ ქუჩებზე გერმანელთა ავთენტური არქიტექტურა თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ შემორჩენილია შიდა კვარტალური გამწვანების ნაშთები – დღევანდელი ილიას (ყოფილი მაიერის ბაღები), არტოს (არტისტული საზოგადოების) და ჯანსუღ კახიძის საზოგადოებრივი პარკების სახით.

თბილისთან ახლოს კიდევ ერთი გერმანული კოლონია იყო – ალექსანდერსდორფი, რომელიც 1818 წელს სოფელ დიდუბეს მეზობლად დაარსდა (ახლანდელი აგლაძის, სამტრედიისა და წყალტუბოს ქუჩები თბილისში, დიდუბის რაიონში), სახელი კი იმპერატორ ალექსანდრე I-ის პატივსაცემად მიენიჭა. იქ სასოფლო მეურნეობის მწარმოებელი შვაბები დაასახლეს, რითაც თავიდანვე განისაზღვრა ამ კოლონიის აგრარული ხასიათი.
კოლონიის შუაში, წყალტუბოსა და სამტრედიის ქუჩებს შორის დამაკავშირებელ გზას, ადრე “სამტრედია-კროიცგასე» ერქვა. სწორედ აქ მდგარა წმინდა პავლეს სახელობის ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ჯერ საწყობად გადააკეთა, შემდეგ კი ამ ქუჩაზე ტრამვაის გაყვანისას – მთლიანად დაანგრია. იმ დროს გაუქმდა კოლონიის ახლოს მდებარე გერმანული სასაფლაოც.

გერმანული კოლონია ალექსანდერსდორფი დიდი ხანია თბილისის ნაწილი გახდა. მის აგრარულ ფუნქციასაც ქალაქის განვითარებამ მოუღო ბოლო, თუმცა იქ დღემდე არსებობს მოახალშენეთა ნაქონი 20 საცხოვრებელი სახლი და გერმანული სკოლის ყოფილი შენობაც. კოლონისტების ბაღ-ვენახები ახლა საცხოვრებელი და სხვა ფუნქციის შენობებით არის შევსებული, თუმცა მხოლოდ გერმანელების წყალობით შემოგვრჩა ალბათ ამ ტერიტორიაზე დიდი სარეკრეაციო სივრცე დიდუბის გამოფენის პარკის სახით.

თათარაშვილი ნ. გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში. 240 გვერდი. შპს „სეზანი“, თბილისი 2018 (ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენაზე)

მთავარი სურათი: ჯ. გრესლის კავკასიის რუკა. 1856. დევიდ რამსის ისტორიული რუკების კოლექციიდან

Comment

Your email address will not be published.